Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი NCAA-ში მომდევნო მატჩს ხვალ დილით, თბილისის დროით 04:00 საათიდან როდ აილენდთან ჩაატარებს და ეს, ქართველი კალათბურთელის გუნდის ურთულესი გრაფიკის მორიგი ეტაპი იქნება. სეტონ ჰოლს 4 თამაში ოთხ სხვადასხვა შტატში ელის, სულ კი, მომდევნო 12 დღის განმავლობაში 6 მატჩს ჩაატარებს.

სეტონ ჰოლს გეგმები მას შემდეგ აერია, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელ კევინ ვილარდსა და კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს COVID 19 დაუდასტურდა. შედეგად, გუნდი 14-დღიან იძულებით კარანტინში გადავიდა და დანაკლისის ანაზღაურებას ახლაღა ცდილობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მამუკელაშვილს NJ.com ესაუბრა:

“მართალი გითხრათ, მიმდინარე ვითარებაში ეს წყალობადაც კი მიმაჩნია. უამრავი ადამიანი სახლში ზის, ბევრმა სამსახური დაკარგა და რთულ მდგომარეობაში იმყოფება, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, სხვადასხვა ქალაქებში ვიაროთ და ჩვენი საყვარელი საქმე ვაკეთოთ. ასე რომ, ეს ნამდვილად მაგარია. ცხადია, კარანტინში ყოფნა იოლი არავისთვის ყოფილა, თუმცა, მწვრთნელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა არ მოვდუნებულიყავით. Zoom-ის საშუალებით, ყველა საჭირო ინსტრუქციას ვიღებდით. ჯერაც გვეტყობა, რომ დაახლოებით ნახევარი წელი უქმად ვიყავით, ამდენად, უკეთესიც კია, თუკი მოკლე პერიოდში რაც შეიძლება მეტ მატჩს ჩავატარებთ. ახლაც, ერთი სული მაქვს როდ აილენდში სათამაშოდ როდის ჩავალთ, შემდეგ კი, სხვა მატჩების დროც მოვა”.

შეგახსენებთ, რომ NCAA-ს ახალ სეზონში სეტონ ჰოლს თითო მოგება-წაგება გააჩნია, 21 წლის მამუკელაშვილმა კი ჩემპიონატი შედეგიანად დაიწყო და ორ მატჩში მისი საშუალო მონაგარი 20.0 ქულა და 8.5 მოხსნაა.

კომენტარები

ბოლო ამბები