Thumbnail

ყაზახური მედიის ინფორმაციით, კახა ცხადაძე ორდაბასის აღარ გაწვრთნის და შიმკენტის გუნდს მასთან ერთად დატოვებს მისი ასისტენტი გიორგი ჩიხრაძეც. ადგილობრივი ჟურნალისტი აიდინ კოჟახმეტი თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, ქართველი სპეციალისტების გუნდთან დამშვიდობება სკანდალური გამოვიდა. 

ჟურნალისტის მონათხრობს ადგილობრივი სპორტული მედიაც აქვეყნებს. 

"ოკჟეტპესთან ბოლო ტურის მატჩის დასრულებისთანავე, გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ცხადაძის თანაშემწესთან იჩხუბა. რა გახდა მიზეზი, რთული ასახსნელია. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მწვრთნელის ასისტენტმა ჩიხრაძემ თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთ-ერთ სათადარიგო ფეხბურთელს დაუძახა და გახურება დაავალა. ფეხბურთელმა მითითება შეასრულა და მთავარ მწვრთნელთან მივიდა. ეს უკანასკნელი კი გაბრაზდა და ხმამაღალი ტონით მიმართა - შენ ვინ დაგიძახა? ამის შემდეგ ფეხბურთელი ტრიბუნაზე დაბრუნდა.

მატჩის შემდეგ კი, გასახდელში, ფეხბურთელმა ჩიხრაძისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა. შელაპარაკების შემდეგ მოთამაშემ ქართველ მწვრთნელს ყბაში მაგრად მოარტყა. დაიწყო გაწევ-გამოწევა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ სწრაფად გააშველა მოჩხუბრები", - წერს კოჟახმეტი, რომელიც დასძენს, რომ იმავე საღამოს, სასტუმროს რესტორანში გამოსამშვიდობებელი გუნდური სადილი იყო დაგეგმილი, მაგრამ იქ არავინ მისულა. 

ქართველი სპეციალისტები ორდაბასიში აღარ იმუშავებენ

კახა ცხადაძე, რომლის სამწვრთნელო შტაბში გიორგი ჩიხრაძეც მუშაობდა, შიმკენტის ორდაბასის 2018 წლიდან წვრთნიდა. 52 წლის ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 2020 წლის სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა. სად გააგრძელებს ცხადაძე სამწვრთნელო კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები