Thumbnail

უმძიმესი ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ კევინ დურანტი ბრუკლინ ნეტსში დებიუტისთვის ემზადება. ვარჯიშების დაწყებისას ფინალური სერიების ორგზის MVP-მ განაცხადა, რომ თავს დიდი დაბრუნებისთვის მზადაა. თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ ნეში ამბობს, რომ დურანტთან მიმართებაში თავიდან ძალიან ფრთხილად იქნება.

“სრული დატვირთვის დროს თავს უკვე კარგად ვგრძნობ,” - განაცხადა 32 წლის KD-მ, რომელიც 2019 წლის ფინალებში დაშავდა. სერიის მე-5 მატჩში მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა და გოლდენ სტეიტიდან ბრუკლინში უკვე ტრავმირებული გადავიდა. მარტში დურანტი კორონავირუსით დაავადდა, თუმცა, ახლა, უკვე ჯანმრთელია.

'მზად ვარ, კაირი ირვინგთან ერთად ტიტულისთვის ვიბრძოლო'

“ტრავმები მანამდეც მქონდა, მაგრამ ყველაზე ხანგრძლივი პაუზა 3-თვიანი იყო ხოლმე. ამ ტრავმის შემდეგ კი 3 თვე ვერ დავდიოდი. ახლა კი ყველაფერი ძალიან კარგადაა. მზად ვარ, კაირი ირვინგთან ერთად ტიტულისთვის ვიბრძოლო,” - დასძინა დურანტმა და კითხვაზე, როგორ ფორმაში შეხვდება ახალ სეზონს, ასე უპასუხა: “ვინ იცის… ჯერ უნდა ვნახო, როგორ ვიგრძნობ თავს NBA-ს ნამდვილ მატჩში.”

“კევინმა ძალიან მძიმე ტრავმა გადაიტანა და ძალიან დიდი ხანია, არ უთამაშია. არ მინდა, რომ ის თავიდანვე მაქსიმალურად დავტვირთოთ. ეს იყო ყველაზე რთული ტრავმა, რომელიც შეიძლება კალათბურთელმა მიიღოს. ამიტომ, მასთან მიმართებაში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.” - ეს ბრუკლინის მთავარი მწვრთნელის, სტივ ნეშის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში ინდივიდუალური ვარჯიშები სამშაბათიდან დაშვებულია. კვირიდან კი გუნდური ვარჯიშების სტარტია დაგეგმილი. პრესეზონის მატჩები 11 დეკემბერს აიღებს სტარტს. NBA-ს რეგულარული სეზონი 22 დეკემბერს იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები