Thumbnail

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული გუნდი, შესაძლოა, გაისად ზაფხულში საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს და საქართველოს ნაკრებთან მორიგი ტესტ-მატჩი ჩაატაროს. ამ ინფორმაციას MailSport ავრცელებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, შოტლანდიის რაგბის კავშირი სერიოზულად განიხილავს 2021 წელს აღმოსავლეთევროპული ტურნეს გამართვას, რომლის განმავლობაშიც “ნარშავები” საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

ეს შეხვედრები იმ შემთხვევაში შედგება, თუკი, საქმეში ისევ კორონავირუსის პანდემია არ ჩაერია და შოტლანდიელებს გეგმები არ აურია. იმავე წყაროს ცნობით, ნოემბრის ტესტების დროს სქოთები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთანა და ავსტრალიასთან გაჯიბრებას გეგმავენ, კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია ტიერ 1-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც თბილისში ტესტ-მატჩის ჩასატარებლად ჩამოვიდა. ეს შეხვედრა 2019 წლის 31 აგვისტოს “დინამო არენაზე” შედგა და “ნარშავებმა” 44:10 მოიგეს. მას შემდეგ, “ბორჯღალოსნები” შოტლანდიელებს ედინბურგში კიდევ 2-ჯერ გაეჯიბრნენ და ამ შემთხვევებშიც გამარჯვება მეტოქეს რჩებოდა: 36:9 – 2019 წლის 6 სექტემბერს და 48:7 – მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს.

კომენტარები

ბოლო ამბები