Thumbnail

FIFA 21 | EA-ს ფედერალურ სასამართლოში უჩივლეს, მიზეზი 'სკრიპტინგის' გამოყენებაა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

გქონიათ შემთხვევა, როდესაც FIFA-ს თამაშისას არაფერი გამოგდით? ბევრს სჯერა, რომ ეს შემთხვევით არ ხდება და ცუდად თამაშში "ბოროტ ძალებს" ადანაშაულებენ.

მოთამაშეები უკვე წლებია ვიდეოთამაშების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას, Electronic Arts-ს,  ე.წ. "სკრიპტინგის" გამოყენებაში ადანაშაულებენ. ბრალდებებს EA ყოველთვის კატეგორიულად უარყოფს. მიუხედავად ამისა, გეიმერები თამაშში "სკრიპტინგის" არსებობის შესახებ სხვადასხვა თეორიებით ამტკიცებენ.

რა არის სკრიპტინგი

'სკრიპტინგის' განმარტება მარტივია - თამაშის კოდის შეცვლა იმგვარად, რომ შეხვედრა ზედმეტად ცალმხრივი არ გამოვიდეს. ასე რომ, თუკი თქვენ 5:0-ს იგებთ, თამაში აღმოაჩენს 'დისბალანსს' და მეტოქის შანსებს მისგან დამოუკიდებლად გაზრდის. თუ არ დაგეზარებათ და რედიტზე ან იუთუბზე მცირე მოკვლევას ჩაატარებთ, ასობით ვიდეოს იპოვნით, რომლებიც თითქოსდა 'სკრიპტინგის' არსებობას ადასტურებს.

SPORTbible-ის გასული წლის გამოკითხვა, სადაც 17 744 გამოკითხულთა 80.2% მიიჩნევდა, რომ FIFA 19 იყენებდა სკრიპტინგს.

მოთამაშეების მტკიცებით, მაშინ, როდესაც თავად სისტემა ხელოვნურად ცდილობს თამაში დააბალანსოს, ფეხბურთელებს ზუსტი პასების შესრულება უჭირთ, მეტოქისთვის ბურთის წართმევა თითქმის შეუძლებელი ხდება, ფეხბურთელები პოზიციებს იოლად კარგავენ...

გეიმერები ერთმანეთს სკრიპტინგის დაძლევის გზებსაც ასწავლიან. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რჩევა ასეთია: როდესაც თამაშის დროს შეამჩნევ, რომ სისტემა მატჩში ხელოვნურად ერევა, უნდა ეცადო, არ გააკეთო გრძელი და სარისკო გადაცემები, ითამაშო მოკლე პასებით, რომელთა ჩაჭრაც პრაქტიკულად შეუძლებელია. 

იუთუბზე მსგავსი შინაარსის ბევრ ვიდეოს იპოვით.

სარჩელი EA-ს წინააღმდეგ

რამდენიმე დღის წინ, Electronic Arts-ს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოში უჩივლეს, მიზეზი FIFA 21-ში გამოყენებული ე.წ. "სკრიპტინგია", რომლებიც სარჩელის შინააარსის მიხედვით მოთამაშეებს უბიძგებს, Ultimate Team-ის უფრო მეტი პაკეტი შეიძინონ.

სარჩელი Zajonc v. Electronic Arts-ის შესახებ, კალიფორნიის სასამართლოში სამმა მოთამაშემ, ჯეისონ ზაინოკმა, დანიელ უილიამსმა და პრანკო ლოზანომ შეიტანეს. მათ განაცხადეს, რომ EA იყენებს მოტყუებით პრაქტიკას და ცრუ რეკლამირებას, რათა FUT-ის (FIFA Ultimate Team) რეჟიმში გაყიდვები გაზარდოს. 

სარჩელის თანახმად, ვიდეოთამაშების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი FIFA-ს მოთამაშეებს Ultimate Team-ის loot box-ების შეძენისკენ უბიძგებს. ეს ყველაფერი ხდება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც თამაშის დინამიკას არეგულირებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოთამაშეები მას "სკრიპტირების" სახელით იცნობენ.

"EA იყენებს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა 'დინამიური სირთულის რეგულირება' და 'ადაპტაციური სირთულე'. ეს ტექნოლოგიები იყენებენ ევრისტიკულ პროგნოზირებას, შედეგებს კარნახობენ ან გავლენას ახდენენ შეხვედრებზე, რაც იწვევს თამაშში მოთამაშეების უფრო დიდ ჩართულობას" - წერია სარჩელში.

სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით არის განპირობებული გადამწყვეტ ეპიზოდებში გაკეთებული არაზუსტი პასები და დარტყმები, თამაშის ცვალებადი ტემპი, მეკარეების უცნაური შეცდომები...

სარჩელის მიხედვით EA მოთამაშეებს უბიძგებს უფრო მეტი FUT-ის პაკეტი შეიძინონ

მოსარჩელე გეიმერების აზრით, კომპანია არღვევს კალიფორნიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონს. EA გამოეხმაურა Zajonc v. Electronic Arts სარჩელს, თამაშის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.

"ჩვენ გვჯერა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და არასწორად წარმოაჩენს ჩვენს თამაშებს", - განაცხადა EA-მ.

კომპანია EA-მ თავისი ლეგენდარული საფეხბურთო ფრენჩაიზის ბოლო თამაში - FIFA 21 6 ოქტომბერს გამოუშვა. FIFA 21 უკვე ხელმისაწვდომია PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე, Nintendo Switch-სა და პერსონალურ კომპიუტერზე. მისი სტანდარტული ვერსია 60 $ ღირს, Champions ვერსია 80 $, ხოლო Ultimate ვერსია 100$.

კომენტარები

ბოლო ამბები