Thumbnail

“შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით მატჩში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯისთან ჩაატარებს, გუნდს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე დააკლდებიან.

24 წლის გორგაძემ, რომლის ანგარიშზე 31 კეპია, მუხლი კვირას, ირლანდიასთან მატჩში დაიზიანა. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ბექა საოპერაციო არ გახდება.

“გორგაძე დღეს (ოთხშაბათს) სურათს გადაიღებს და ტრავმის სიმძიმე და ხარისხი ამის შემდეგ გვეცოდინება. ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ფიჯისთან ვერ ითამაშებს. იმედს ვიტოვებ, დაზიანება იმ დონის არ იქნება, რომ ბექას ოპერაცია დაჭირდეს და დიდი დრო გაუცდეს“, - განუცხადა მაისაშვილმა საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდს.

ლაშა ხმალაძე უელსთან მატჩში დაშავდა

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მინდორზე ვერ ვიხილავთ ლაშა ხმალაძესაც, რომელსაც ფეხის კუნთი აწუხებს და ამავე მიზეზით ირლანდიასთან მატჩიც გამოტოვა. თავს უკეთ გრძნობს მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, რომელმაც ნეკნი 21 ნოემბერს, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში დაიზიანა.

“კოტემ ივარჯიშა და ოთხშაბათს გვეცოდინება თამაშს შესძლებს თუ – ვერა. არის წვრილ-წვრილი ტრავმებიც, თუმცა სხვა შემთხვევებში საშიში არაფერია“, – ამბობს მაისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “შემოდგომის ერთა თასის” ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან (0:40), უელსთანა (0:18) და ირლანდიასთან (10:23) წააგო და ფიჯელებს ტურნირის მე-7 ადგილისთვის დაუპირისპირდება. თამაში შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, სტადიონ მარიფილდზე 5 დეკემბერსაა დაგეგმილი და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები