Thumbnail

გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ ბერნდ შუსტერმა დიეგო მარადონას ამბები გაიხსენა. 60 წლის შუსტერმა Sport Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას დიეგოსთან მხოლოდ საუკეთესო მოგონებები აკავშირებს.

“მეც ზუსტად ისე ვარ, როგორც არგენტინელები, რომლებიც დიეგოს ყველაფერს პატიობენ. მის მიერ დაშვებული შეცდომები უბრალოდ გვერდით გადავდე, დავივიწყე - ჩემთვის ეს დიეგო არ იყო.” - ამბობს ინტერვიუში შუსტერი, რომელიც მარადონასთან ერთად 1982 წლიდან 1984 წლამდე ბარსელონაში თამაშობდა. მისი თქმით, კატალონიურ გრანდში დიეგომ ვერ იპოვნა თავისი მეორე სამშობლო - ანუ, ზუსტად ის, რასაც მერე ნეაპოლში მიაგნო.

'ქალაქმაც დაუშვა შეცდომები მის წინაშე, კლუბმაც და ჩვენ ყველამ'

“ბარსელონაში დიეგოსთვის აუტანელი სიტუაცია იყო, - იხსენებს შუსტერი და ბევრ რამეში მედიას ადანაშაულებს, - ჟურნალისტები აჭარბებდნენ. ყველგან დასდევდნენ. ქალაქმაც დაუშვა შეცდომები მის წინაშე, კლუბმაც და ჩვენ ყველამ. არ ვიცოდით, როგორ უნდა გვეზრუნა მარადონაზე. ნაცვლად დაცვისა, ბარსელონამ დიეგო გაანადგურა.”

შუსტერი და მარადონა ბარსაში თამაშის დროს ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, მაგრამ როგორც ბერნდი იხსენებს, ერთმანეთს არცისე ხშირად ხედავდნენ.

“მე, როგორც ნამდვილი გერმანელი, დროზე ვიძინებდი და დილას ადრე ვდგებოდი. დიეგოს შემთხვევაში კი საღამოები ხშირად დიდხანს გრძელდებოდა, - ამბობს ევროპის ყოფილი ჩემპიონი, - დილის 7 საათზე, საუზმემდე ოთახიდან გასვლისას ვფრთხილობდი, რომ არ მეხმაურა. დილას უმეტესად ოთახში არ ვატარებდი, რათა დიეგო არ გამეღვიძებინა.”

ორიოდე დღის წინ შუსტერმა 'ზუდდოიჩე ცაითუნგსაც' მისცა ინტერვიუ, სადაც ამბობს: "მას გერმანელ მწვრთნელ უდო ლატეკთან პრობლემები ჰქონდა. დიეგო ვერ იტანდა ფიტნეს-ვარჯიშებს. ლატეკი კი ფიტნესზე გიჟდებოდა და ხშირად უბურთოთ გვავარჯიშებდა. დიეგოსთვის ეს კატასტროფა იყო, საწამლავი! აი, ბურთთან ერთად ვარჯიში კი საათობით შეეძლო. არ დაიღლებოდა და არც დაეზარებოდა - ოღონდ ბურთი ჰქონოდა." - იხსენებს შუსტერი.

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთის ღმერთად წოდებული არგენტინელი 27 ნოემბერს, ბუენოს აირესის სიახლოვეს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. 

მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა "ათიანმა" არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები