Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა | ლივერპული მერვედფინალაშია - მეორე ადგილი ვაკანტურია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მე-5 ტურში ლივერპულმა აიაქსი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. იურგენ კლოპის გუნდმა არათუ პლეი ოფის საწყის სტადიაზე თამაშის საკითხი გადაწყვიტა, არამედ ჯგუფში პირველი ადგილიც გაინაღდა და ბოლო ტური მისთვის ფორმალობად აქცია.

"წითლებმა" "ენფილდ როუდზე" აიაქსს უმასპინძლეს და ბევრი ლამაზ, ლაღ ფეხბურთს ელოდა, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. 90-მა წუთმა საკმაოდ დაბალ ტემპში ჩაიარა და რომ არა ნიდერლანდელთა კარის დარაჯის, ანდრე ონანას უხეში შეცდომა, შესაძლოა, გოლი საერთოდ არ გასულიყო.

58-ე წუთზე ნეკო უილიამსმა საჯარიმოში ჩააწოდა, თითქოს საინტერესო არც არაფერი უნდა მომხდარიყო, მაგრამ ონანა კარიდან დაუფიქრებლად გამოვიდა, ბურთს ვერ შესწვდა და მის ზურგს უკან ჩასაფრებულმა კურტის ჯონსმა ცარიელ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. ამსტერდამელებს თამაშის მიწურულს შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ კლაას იან ჰუნტელაარს ინგლისელთა ახალგაზრდა მეკარე კელეჰერმა აჯობა. ლივერპულმა 1:0 მოიგო, 12 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად დაისაკუთრა.

აიაქსს ბოლო ტურში მოუწევს მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლა და ამისთვის შინ ბერგამოს ატალანტას აუცილებლად დამარცხება სჭირდება. იტალიურმა კლუბმა შინ აუტსაიდერ მიდტიულანდს ვერ მოუგო და საერთოდ, წაგებას თამაშის ბოლოს კრისტიან რომეროს გოლით გადაურჩა (1:1). დანიის ჩემპიონმა თავის ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლო ტურის წინ კი ატალანტას 8, ხოლო აიაქსს 7 ქულა აქვს და 9 დეკემბერს, ამ გუნდების უშუალო დაპირისპირება ყველაფერს გადაწყვეტს.

ლივერპული 1:0 აიაქსი

გოლები: 1:0 ჯონსი (58)

ლივერპული (4-3-3): კელეჰერი - ნ. უილიამსი, მატიპი, ფაბინიო, რობერტსონი - ჯონსი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი (90. რ. უილიამსი), დიოგო ჟოტა (68. ფირმინო), მანე

აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი (86. ჰუნტელაარი), შუურსი, ბლინდი (86. მარტინესი), ტალიაფიკო - კლაასენი, ალვარესი (69. ლაბიადი), გრავენბერხი - ანტონი, ტადიჩი, ნერეში (81. ტრაორე)

ატალანტა 1:1 მიდტიულანდი

გოლები: 0:1 შოლცი (13), 1:1 რომერო (79)

კომენტარები

ბოლო ამბები