Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 33 წლის ნატურალიზებილი ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლის მე-4 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში ამგვარი პატივი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ გიორგი შერმადინს ერგო, ამჯერად კი, მაკფადენის ჯერი დადგა, რომელმაც შვეიცარიასთან მოგებულ (91:84) შეხვედრაში 24 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

თადმა მოედანზე 38:41 წუთი გაატარა და 2-ვე ორქულიანი, 9-დან 6 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა.

მაკფადენის გარდა, ტურის სიმბოლურ ხუთეულში დანიელი გაბრიელ ლუნდბერგი (38 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 36), ხორვატი პავლე მარცინკოვიჩი (20 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 29), იტალიელი ამადეო ტესიტორი (27 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 26) და ბრიტანელი გაბე ოლასენი (28 ქულა, 8 მოხსნა, 1 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი 29) მოხვდნენ.

ამავდროულად, ფიბას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მე-4 ტურის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვაც მიმდინარეობს და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დიდი უპირატესობით ლიდერობს. ამ დროისთვის, მაკფადენს ხმების 87% გააჩნია.

კომენტარები

ბოლო ამბები