Thumbnail

გიორგი ქადაგიძე: საქართველოს შეუძლია, გახდეს რეგიონის საფეხბურთო ცენტრი

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • ეროვნული ბანკის ყოფილ თავმჯდომარეს ფეხბურთის განვითარების ხედვა აქვს
  • გიორგი ქადაგიძე პოპსპორტს თავისი იდეის შესახებ ესაუბრა

გიორგი ქადაგიძის ფეხბურთისადმი სიყვარულის გაჩენა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის საწყის პერიოდს ემთხვევა. 2009-2016 წლებში ეროვნული ბანკის თავმჯდომარის თქმით, ათვლის წერტილად შეიძლება მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატიც მივიჩნიოთ, რომლიდანაც მას არგენტინა-ბრაზილიის მატჩი დაამახსოვრდა და მიუხედავად იმისა რომ, როგორც თვითონ ამბობს, „ორი გენიალური ფეხბურთელის კომბინაციით“  ‘ალბისელესტემ’ ის მატჩი მოიგო, ბავშვური სენტიმენტების გამო, მაინც ბრაზილიის გულშემატკივრად ჩამოყალიბდა. ამავდროულად მის გემოვნებაში ნიდერლანდების ნაკრებიც ჯდება.

ფინანსისტ ქადაგიძეს საქართველოში ფეხბურთის განვითარების საკმაოდ ორიგინალური ხედვა აქვს. პოპსპორტი მას სწორედ ამ ხედვაზე ესაუბრა.

POPSPORT: როდის და რატომ შეგიყვარდა ფეხბურთი?

გიორგი ქადაგიძე: მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, მამებმა რომ საქართველოს ნაკრების პირველ თამაშზე წაიყვანეს, სტადიონი სავსე, ხოლო საფეხბურთო მატჩი კი - უდიდესი ზეიმი რომ იყო. თბილისის დინამოს ძალიან აქტიური გულშემატკივარი ვიყავი - აი, ისეთი, საქართველოს ჩემპიონატის გასვლით მატჩებზეც რომ დადიოდა. ათვლის წერტილად 1990 წლის მუნდიალი შემიძლია მივიჩნიო. ზოგადად, სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთი მიყვარს. იტალიაში გამართული მუნდიალიდან არგენტინა-ბრაზილიის მატჩი მახსოვს. ბრაზილიელებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ერთმა გენიალურმა ფეხბურთელმა, ასევე გენიალურ ფეხბურთელს, ერთი პასი გაუკეთა და ის ცნობილი გოლიც გავიდა. უცნაურია, მაგრამ ამ მატჩის შემდეგ უფრო ბრაზილიის ნაკრებისკენ გადავიხარე. ამის მიზეზი ბავშვური სენტიმენტები იყო, რომელიც იმ მომენტში ბრაზილიელების მიმართ გამიჩნდა. ასევე მიყვარს ნიდერლანდური ფეხბურთი. ნაკლებად მიზიდავს ფეხბურთის სკანდინავიური, აგრეთვე გერმანული სტილი. 

'როდესაც ქვეყნის მთავარი კლუბი სამოყვარულო კლუბთან აგებს, უნდა მივხვდეთ, რომ არა მარტო ამ კლუბში, არამედ მთლიანად ფეხბურთში არასწორ ნაბიჯები იდგმება'

რაც შეეხება ფეხბურთელს. ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ყველაზე მაღლა დგანან. ჩემთვის მსოფლიოს უკანასკნელი ჩემპიონატი მათ დაპირისპირებად უნდა გადაქცეულიყო, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა 17 წლის ფრანგი ბიჭი, რომელმაც მთელი „პრესა მოიპარა“. ყველას გვახსოვს, მბაპეზე რამდენი სტატიები იწერებოდა, რომლებშიც მის გზას პელეს გზას ადარებდნენ. სწორედ მბაპემ გადააქცია საფრანგეთის ნაკრები ფავორიტად და მსოფლიო ჩემპიონიც სრულიად დამსახურებულად გახადა.

POPSPORT: უნდა ეხმარებოდეს თუ არა სახელმწიფო ფეხბურთს?

ქადაგიძე: მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული სპორტის პოლიტიკურ იარაღად აღქმაა - თანაც, ზუსტად ისევე, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა. ისტორიას ახსოვს ფეხბურთით მართული ენერგიები, მაგალითად ფრანკო. თუნდაც აქედან გამომდინარე იმის თქმა, რომ ფეხბურთი და ზოგადად სპორტი იდეოლოგიის და პოლიტიკის ნაწილი არაა, არ შეიძლება, მაგრამ საბჭოური მიდგომა კიდევ უფრო სხვა, ბნელი მოვლენაა. ეს ის უბნელესი წარსულია, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ. როდესაც მმართველი პოლიტიკური ელიტები ცდილობენ პროფესიონალური სპორტი თავისი იდეების გამტარებლებით დააკომპლექტონ, ეს ყველანაირი დადებითი შედეგის გამომრიცხველი ფაქტორია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მმართველობითი კუთხით, პროფესიონალურ სპორტსა და სახელმწიფოს შორის უნდა ავაშენოთ ჩინეთის კედელი. აი, როდესაც ეს მოხდება, ფედერაციები დამოუკიდებლად მუშაობის გზაზე პირველ ნაბიჯს გადადგამენ, მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და დამოუკიდებლად მოიძიებენ ფინანსებს.

მაგალითისთვის შვეიცარიას მოვიყვან. ამ ქვეყანაში არსებობს მოდელი, რომელიც სპორტს ფაქტობრივად ორ ნაწილად - არაპროფესიონალურ და პროფესიონალურ ნაწილებად ჰყოფს. არაპროფესიონალური სპორტის, ანუ ფაქტობრივად საზოგადოების ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა, შვეიცარიის თავდაცვის, სამოქალაქო დაცვის და სპორტის ფედერალურ დეპარტამენტს ევალება. იყოს ასე საქართველოშიც. გახდეს არაპროფესიონალური სპორტი თავდაცვის სამინისტროს მიმართულება, მით უმეტეს, რომ ჯარისკაცი, ჯანმრთელი უნდა გვყავდეს, მაგრამ პროფესიონალური სპორტი სახელმწიფო სტრუქტურებს მთლიანად უნდა გაემიჯნოს და აუცილებლად უნდა იყოს ბიზნესი.

'ჩვენ ამის ფული არ გვაქვს, არც გვექნება და რომც გვქონდეს, პროფესიონალური სპორტი დოტაციაზე გრძელვადიან პერსპექტივაში არასწორია'

საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის სპორტის და ფეხბურთის სახელმწიფო დოტაციაზე ყოფნა სრულიად წარმოუდგენელია. ჩვენ ამის ფული არ გვაქვს, არც გვექნება და რომც გვქონდეს, პროფესიონალური სპორტი დოტაციაზე გრძელვადიან პერსპექტივაში არასწორია.

მერწმუნეთ, რომ ფეხბურთს მიღმა კიდევ უფრო დიდი პრობლემებია. ერთხელ და საბოლოოდ უნდა ვთქვათ, რომ ძალისმიერი სპორტის სახეობების ზოგიერთი ფედერაციები და წარმომადგენლები კატასტროფულ მოვლენებში, ჩხუბებში, ცემა-ტყეპებში არიან ჩართულები. არადა, ისინი ახალგაზრდობისთვის მაგალითის მიმცემები უნდა იყვნენ. რეალობაში კი რა მივიღეთ? ასობით და ათასობით კარიერადასრულებული ადამიანი, რომლებიც ვეღარ ვითარდებიან. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, მათი გარკვეული ნაწილი კრიმინალურ წრეში ხვდება. თუ სირაქლემას პოზიციას არ დავიჭერთ, დავინახავთ, რომ ეს ასეა. მიზეზი კი თავის დროზე მათ განვითარებაზე არზრუნვაა. ამ ადამიანებს არ მისცეს განათლება და საზოგადოებაში მათ თავიანთი ადგილის პოვნა ვერ მოახერხეს. 

POPSPORT: ევროპული ქვეყნებში ფეხბურთის განვითარების მოდელზე ვისაუბროთ.

ქადაგიძე: იმ დოზით, რა დოზითაც ფეხბურთი მიყვარს, ყოველთვის ვცდილობ, მისი განვითარების სხვადასხვა მოდელს ვადევნო თვალი. ძალიან მომწონს ბელგიური და ნიდერლანდური მოდელები, რომლებიც შემდეგ პრინციპს ეფუძნება: ორივე ქვეყანაში ყველა პროფესიონალურ კლუბს დიდი სასწავლო ბაზები აქვთ, რომლებიც თავის თავში ფეხბურთთან ერთად განათლებასაც მოიცავს. ამ ბაზებში, ძირითადად აფრიკიდან, ათასობით იმედისმომცემი ბავშვი ჩაჰყავთ. მათ პირველ რიგში განათლებას აძლევენ, პარალელურად ავარჯიშებენ ფეხბურთშიც. შემდეგ, ამ ათასობით ბავშვიდან საფეხბურთო კუთხით გამორჩეულები, თავის პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას ასაკობრივი გუნდებით იწყებენ. ასე ვიღებთ იმ აიაქსს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ყველა მოხიბლა. შემდეგი და უკვე ფაქტობრივად უკანასკნელი ნაბიჯი ამ ფეხბურთელების გრანდებში გაყიდვაა.

მსგავსი მოდელია პორტუგალიაშიც, ოღონდ იქ აქცენტი სამხრეთამერიკულ ბაზარზეა გაკეთებული, რაც ენობრივი პრობლემის არარსებობის გამო, იდეის სისრულეში მოყვანას უფრო აიოლებს. საბოლოოდ, თუ დავაკვირდებით, მივდივართ ისტორიულ, სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებამდე, რაც სრულიად ბუნებრივია.

POPSPORT: როგორ უნდა შევქმნათ ასეთი მოდელი საქართველოში?

ქადაგიძე: საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა. თუ ამ მოდელს ჩვენს რეგიონს მივუსადაგებთ, თანაც ისე, რომ ვიცოდეთ, რას და რისთვის ვაკეთებთ, მიმაჩნია, რომ შედეგი გვექნება. ავიღოთ რუკა და ფარგლის ერთი წვერი დავადოთ თბილისს, მეორეთი კი დაახლოებით 500-კილომეტრიანი ტერიტორია შემოვხაზოთ. ამ ფარგლებში 40 მილიონ ადამიანზე მეტი მოხვდება. გეოგრაფიულად აქ შედის ჩრდილოეთ კავკასია, ცენტრალური აზიის ნაწილი, სამხრეთ აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ თურქეთის ნაწილი, ირანი. ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე ამ რეგიონში შეგვიძლია შევქმნათ ერთი საფეხბურთო ცენტრი, ანუ გავაკეთოთ დაახლოებით იგივე, რაც  ტურიზმის სფეროში ხდება. ჩვენი ქვეყნის კლიმატი და ფასების ხელმისაწვდომობა ბევრ ტურისტს ხიბლავს და ისინი აქ დასასვენებლად ჩამოდიან. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ სადმე დაღესტანში, ან განჯაში არსებობს ბავშვი, რომელსაც კარგი მონაცემები აქვს. რა სურს მის მშობელს? ის, რომ მისი ბავშვი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. თუ საქართველოში იქნება ისეთი ბაზები, სადაც ეს ბავშვი მიიღებს ხარისხიან განათლებას და ამავე დროს ფეხბურთშიც ხარისხიანად ივარჯიშებს და ამაში მშობელი, აიაქსის სკოლასთან შედარებით, მცირე თანხას გადაიხდის, იგი შვილს აქ წამოიყვანს. ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს ჩვენ მუდმივი ომების და შფოთის წყაროდ განვიხილავთ, არადა, ამ რეგიონში ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც განვითარება სურთ. ეს რეგიონი რუსეთის გეოპოლიტიკური სტრატეგიის გამო მოსკოვისგან დისტანცირებულია და ისტორიულადაც ისინი მუდმივად სამხრეთისკენ მოისწრაფოდნენ. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს პლუსი?

'თუ ჩვენი ფეხბურთელები როსტოვს და ყაზანს ვერ გაცდნენ და ამის გამოსწორების ამბიციაც კი არ გვაქვს, მაშინ დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ სახლებში'

საქართველოს შეუძლია, რეგიონის ე.წ. საფეხბურთო ჰაბი გახდეს, სადაც შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში (ამ პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი განათლებაა), თავს საკმაოდ დიდი გეოგრაფიული ნაწილის ნიჭიერი და იმედისმომცემი ბავშვები მოიყრიან. საბოლოო ჯამში ეს მოგვიტანს ასეულობით მილიონ დოლარს, დამოუკიდებლობას სახელმწიფო ფულისგან, გამარჯვებების სიხარულს, რომელიც ძალიან გვაკლია. არადა, საზოგადოებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.

POPSPORT: რა კრიტერიუმებით უნდა შევაფასოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა?

ქადაგიძე: ფეხბურთში იგივე გვჭირს, რაც ნებისმიერ სხვა დარგში. ვამბობთ, რომ ვართ აგრარული ქვეყანა, სოფლის მეურნეობაში ვხარჯავთ უდიდეს ფულს და მხოლოდ 3-4 ნორმალური აგრონომი გვყავს. ვამბობთ, რომ ჰიდროენერგეტიკაა ჩვენი სფერო და ამ დარგის არცერთი ინჟინერი არ არსებობს.

უეჭველად უნდა არსებობდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა გაიზომება. აქ არაა მარტო იმაზე ლაპარაკი, საკვალიფიკაციო ციკლში რამდენ თამაშს მოვიგებთ, ან წავაგებთ. საუბარია ძალიან კონკრეტულ რაოდენობრივ კრიტერიუმებზე. მაგალითად, რამდენად გაიზარდა შიდა ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება, რა თანხამ იტრიალა შიდა ტრანსფერებში, რამდენი ადამიანია ფეხბურთში დასაქმებული, რამდენი ადამიანი თამაშობს ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე... ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს ამ მაჩვენებლების გაანალიზება და ამის მიხედვით უნდა შეფასდეს გაწეული სამუშაო.

'უნდა არსებობდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა გაიზომება'

რაც შეეხება სახელმწიფოს, იგი ე.წ. წერტილოვან ჩარევებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. მაგალითად, რომელიმე ხელმოკლე კლუბისთვის მიუწვდომელია მაღალი დონის სამედიცინო მომსახურეობა, ანუ კვალიფიციური ექიმის ჩამოყვანა. სახელმწიფოსთვის ეს ადვილია. მას შეუძლია, დავუშვათ სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე, მოიწვიოს სპეციალისტები და სპორტული მედიცინის ტრენინგები ჩაატაროს. ამით დონე ამაღლდება.

ცოდნის ყიდვა სირცხვილი არაა და ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს. ყველა დიდი მმართველი და იმპერატორი, ჩინგის ხანიდან დაწყებული პეტრე პირველით დამთავრებული, ცოდნას ყიდულობდა. რაღა შორს მივდივართ: დავით აღმაშენებელი თავის ერთგულ ხალხს საზღვრებს გარეთ აგზავნიდა, რათა მათ ცოდნა მიეღოთ. უახლესი მაგალითები ავიღოთ. მსოფლიოს ბოლო ფინანსური კრიზის დროს ინგლისს, ქვეყანას რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მსოფლიოს ერთ-ერთი პოლიტიკური და ფინანსური დომინანტი იყო, ეროვნული ბანკის მმართველი კანადელი ჰყავდა. ასე რომ, ხალხის მოწვევა სირცხვილი კი არა, პირიქით, წარმატების წინაპირობაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი კოლოსალური და თავდაუზოგავი შრომის ფონზე უნდა ხდებოდეს.

POPSPORT: როგორ უნდა დაიგეგმოს ეს ყველაფერი, რა პრიორიტეტები უნდა არსებობდეს და რა ამბიციები უნდა გვქონდეს?

ქადაგიძე: ფეხბურთს ძალიან გამართული ინფრასტრუქტურა სჭირდება. რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში? რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ ააშენა ლოკომოტივის სტადიონი, ოღონდ ააშენა დედაქალაქის ცენტრში, ვაკის პარკში, სადაც ურბანული განვითარების ნულოვანი პერსპექტივაა. რა ხდება წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში? მიუნხენში ‘ალიანც არენა’ ქალაქის გარეთაა აშენებული, ასევეა ოლიმპიური სტადიონი ლონდონში. ისმის კითხვა: რატომ? პასუხი მარტივია - თანამედროვე სტადიონის შენახვა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე დიდი კორპორაცია ან ყველაზე მდიდარი ქვეყანა ამ ხარჯს თავს არიდებს. ამ არენების შენახვა ხდება მათ ირგვლივ ურბანული პროექტების განვითარებით. მარტივად რომ ვთქვათ, გარეუბნებში აგებულ სტადიონებთან იქმნება „ტრაფიკი“, ამის ხარჯზე ქალაქის აქამდე არაპრესტიჟული რაიონები ხდება მიმზიდველი, ამ რაიონებში იმატებს უძრავი ქონების ფასი, დეველოპერები იჩენენ მათდამი ინტერესს და მზად არიან ამ რაიონებში სოლიდური თანხები დააბანდონ. ლონდონში ოლიმპიური სტადიონი ისეთ რაიონში აშენდა, რომელიც მანამდე უპერსპექტივოდ მიიჩნეოდა. მის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საცხოვრებელ ადგილად გადაქცევას კი მხოლოდ სამი წელი დასჭირდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ შემდგომი 99 წლის მანძილზე პრემიერლიგის კლუბმა ვესტ ჰემმა საშინაო მატჩების ამ სტადიონზე ჩატარების უფლებისთვის კოლოსალური თანხა გადაიხადა.

მიუნხენის 'ალიანც არენა'

ჩვენი პრიორიტეტი ვერ იქნება იგივე, რაც ნავთობით მდიდარ, ან მოსახლეობის რაოდენობით დიდ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. ასეთ ქვეყნებში შესაძლოა არსებობდნენ ხელოვნურად შექმნილი „ბობოლა კლუბები“ რომლებიც ე.წ. ლოკომოტივის როლს შეასრულებენ. ჩვენი პრიორიტეტები ისეთივე უნდა იყოს, როგორც ბელგიაში, დანიაში, ან ნიდერლანდებშია. ანუ, იმ ადამიანებისთვის პირობების შექმნა, ვისაც ჩვენს რეგიონში ფეხბურთი აინტერესებს.

როდესაც ქვეყნის მთავარი კლუბი სამოყვარულო კლუბთან აგებს, უნდა მივხვდეთ, რომ არა მარტო ამ კლუბში, არამედ მთლიანად ფეხბურთში არასწორ ნაბიჯები იდგმება. როგორი პრობლემებიც არ უნდა გვქონდეს სახელმწიფოს მშენებლობაში, იმის იქით, რაც ფეხბურთში ხდება, უბრალოდ არაფერი არსებობს. ჩვენს რეალობაში ამაზე პასუხისმგებელია სახელმწიფოც და სფფ-ც. არ მესმის, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს. საქართველოს კვალობაზე ძალიან დიდი თანხა ფაქტობრივად უაზროდაა გადაყრილი, რისი წაგებაც შეიძლება ყველაფერს ვაგებთ...

ჩამოვწეროთ ძირითადი საკითხები, რომლებიც ფეხბურთს უნდა ავითარებდეს და აღმოვაჩენთ, რომ სწორად არაფერი კეთდება. ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს რუსეთში, სადაც კორუფცია და ნეპოტიზმია გამეფებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ჩვენ ვერ ვქმნით კარგ პროდუქტს, ანუ ფეხბურთელს, ან ამ პროდუქტის კარგად გაყიდვაზე ვერ ვმუშაობთ. არაა საკმარისი კარგი პროდუქტის შექმნა, საჭიროა მისი დასავლურ ბაზარზე გატანა, რაც დაგვიტოვებს უფრო დიდ მოგებას. საქართველოში არიან ფეხბურთელები, რომელთა განვითარებაზეც, ანუ კარგი პროდუქტის საბოლოო შექმნაზე, არავინ ზრუნავს. ამის მიზეზი კი ისაა რომ, ეს ფეხბურთელი, თუნდაც ბოლომდე ვერგანვითარებული, რუსეთში მაინც იყიდება.

'ეს მოგვიტანს ასეულობით მილიონ დოლარს, დამოუკიდებლობას სახელმწიფო ფულისგან, გამარჯვებების სიხარულს'

ქართულ ფეხბურთში არ არსებობს აღქმა სიტყვისა „კონკურენტუნარიანობა“. არადა, ეს სიტყვა ფეხბურთს ყველაზე კარგად ესადაგება, რადგანაც იგი ხარისხს და ფასს მოიცავს. ჩვენი პრიორიტეტი ისეთი ფეხბურთელების გაზრდა უნდა იყოს, რომელთა განვითარებაზე დახარჯული თანხა ნაკლები იქნება მათ სატრანსფერო ფასზე, ოღონდ ეს ტრანსფერი უნდა განხორციელდეს არა რუსულ ბაზარზე, არამედ ევროპულზე.

ქართული ფეხბურთის ამბიცია ზუსტად ის შუალედური რგოლი უნდა იყოს, საიდანაც შემდეგ მოთამაშეები გრანდებში მიდიან. გასაგებია, რომ ბელგიელი ფეხბურთელისთვის გრანდი ნიშნავს რეალს, ბარსელონას, მანჩესტერ იუნაიტედს. საწყის ეტაპზე, ჩვენი გადმოსახედიდან გრანდი შეიძლება რომელიმე ნიდერლანდური კლუბი იყოს. თუ ჩვენი ფეხბურთელები როსტოვს და ყაზანს ვერ გაცდნენ და ამის გამოსწორების ამბიციაც კი არ გვაქვს, მაშინ დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ სახლებში. მე მჯერა, რომ სწორი მუშაობით, საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო საკლუბო გრანდებისთვის ფეხბურთელების მიმწოდებელი ქვეყანა გახდეს, რომელსაც ნიდერლანდების მსგავსად პერიოდულად უდიდესი წარმატება ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები