Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან წაგებული (84:91) მატჩის შემდეგ, გასული თამაშის შესახებ მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ჯანლუკა ბარილარიმა და მძიმე ფორვარდმა ჯონათან დუბასიმ ისაუბრეს. ორივე მათგანმა აღნიშნა, შეხვედრის შედეგი ლოგიკური იყო.

ჯანლუკა ბარილარი: “პირველ რიგში, მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და გარკვეულ დონეზე დაბლა არასდროს ჩამოდის. დღესაც გამოჩნდა, რომ საქართველო 2-3 კალათბურთელის გუნდი არაა, მათგან საფრთხეს ყველასგან უნდა ველოდეთ. ვიცოდით, რომ მათი მაღლების შესაჩერებლად ორმაგი მეურვეობა იყო საჭირო და ამას მივმართავდით, თუმცა, ამ დროს მეტოქეს ბურთი პერიმეტრზე გაჰქონდა და ამდენი სამქულიანიც იმიტომ მივიღეთ”.

ჯონათან დუბასი: “საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა. მათ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს, რომ ძლიერი გუნდი ჰყავთ. შესაძლოა, მთელ რიგ ეპიზოდებში უფრო ზუსტად რომ გვეთამაშა, შედეგი სხვაგვარი ყოფილიყო, თუმცა, სერბეთთან გამარჯვებასაც არ ველოდით და უკმაყოფილოები ნამდვილად არ ვართ. საქართველოს ნაკრებმა იმით გაგვაოცა, რომ აქცენტი მარტო ფარქვეშ თამაშზე არ გაუკეთებია და პერიმეტრსაც კარგად იყენებდა”.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის საკვალიფიკაციო E ჯგუფს 4 მოგებით საქართველოს ნაკრები ლიდერობს, რომელსაც მასპინძლის რანგში ფინალურ ეტაპზე თამაში ისედაც განაღდებული აქვს, შვეიცარიას კი 1 მოგება და 3 წაგება აქვს. დღესვე ჩვენთვის საინტერესო ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ნოემბრის “ბაბლის” მასპინძელი ფინეთი სერბეთს დაუპირისპირდება. ორივე ნაკრებს 3-დან თითო მატჩი აქვს მოგებული.

📺 შვეიცარია v საქართველო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები