Thumbnail

საქართველოსა და შვეიცარიის საკალათბურთო ნაკრებთა მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც ჩვენმა გუნდმა 91:85 მოიგო, ტრადიციული პრესკონფერენცია შედგა. თამაშის შეფასება საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ითავეს.

ილიას ზუროსი: “მინდა, ბიჭებს გამარჯვება მივულოცო. აქ თოკო ზის და მასზეც აუცილებლად უნდა ვთქვა. რეალთან ურთულესი თამაშის მერე ჩვენთან ჩამოფრინდა და ამ მატჩებში ყველას აჩვენა, საქართველოს ნაკრები როგორ უყვარს, იგივე შემიძლია ვთქვა შერმადინზეც, ყველა სხვაზე. ვინც ამ თამაშებში გუნდში იყო, ყველამ მაქსიმუმი გაიღო. იცით, რომ ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ისედაც გასულები ვიყავით, თუმცა, ბალანსი 4:0-ზე გვაქვს და ეს, ძალიან გვახარებს. ამავდროულად, ახალგაზრდა კალათბურთელებსაც ვცდით და გვინდა, რომ ისინი ეროვნული ნაკრების ატმოსფეროს შეეგუონ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო თამაშებშიც ისეთივე ძლიერები ვიქნებით, როგორც აქ, ფინეთში. მსურს, რომ პანდემიის პერიოდში ყველა კალათბურთელს ჯანმრთელობა ვუსურვო. ევრობასკეტამდე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები გველის და ამისთვის უნდა მოვემზადოთ”.

თორნიკე შენგელია: “რთული თამაში იყო. შვეიცარიამ საქართველოშიც დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და გამარჯვება მხოლოდ ოვერტაიმში მოვახერხეთ. დღესაც საკმაო ჩამორჩენა გაგვიქვითეს და ბოლომდე თამაშში რჩებოდნენ. მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარა, ასევე, ახალგაზრდა ბიჭებს, მათ დიდი სამუშაო გასწიეს და მოედანზე ნამდვილი პროფესიონალებივით გამოიყურებოდნენ. იცით, მთელს მსოფლიოში როგორი რთული სიტუაციია შექმნილი და ცხადია, საქართველოშიც ასეა, ამდენად, ჩვენი ქვეყნისთვის თითოეულ პოზიტიურ ნაპერწკალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ასევე ვთამაშობთ და მგონი, ამას ყველა ხედავს”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან 4 გამარჯვება გააჩნია და საგზურს სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა. სავარაუდოა, რომ თებერვალში, შესარჩევი ეტაპის დარჩენილ მატჩებს სწორედ საქართველო უმასპინძლებს. თუკი არაფერი შეიცვალა, E ჯგუფის “ბაბლი” თბილისში შედგება. ქართველი კალათბურთელები 19 თებერვალს სერბეთს უმასპინძლებენ, 21-ში კი – ფინეთს.

📺 შვეიცარია v საქართველო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები