Thumbnail

‘უსამართლობა ხდება! დიეგო რთული პაციენტი იყო’ - მარადონას ექიმმა იტირა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

პოპსპორტი დღეს უკვე წერდა, რომ დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ, პოლიციამ ბუენოს აირესში მისი პირადი ექიმის, ლეოპოლდო ლუკეს სახლი გაჩხრიკა. პროკურატურას სურს, გაარკვიოს, ხომ არ გამოიწვია ლეგენდარული ფეხბურთელის სიკვდილი ექიმის გაუფრთხილებლობამ. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარადონას ქალიშვილებმა, დალმამ და ჯანინამ შაბათს ჩვენებები მისცეს და დასვეს კითხვები იმის შესახებ, იღებდა თუ არა დიეგო შესაბამის მედიკამენტებს.

დიეგოს ექიმმა პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. “ვიღაც განტევების ვაცის პოვნას ცდილობს,” - თქვა თვალცრემლიანმა ლუკემ პრესკონფერენციაზე.

ლეოპოლდო ლუკე და დიეგო მარადონა ნოემბრის დასაწყისში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ

ლეოპოლდო ლუკე: “შოკში ვიყავი, როცა ჩემი სახლის კარს პოლიცია მოადგა. სამართალდამცავებს, რა თქმა უნდა, შევპირდი, რომ ყველა დეტალზე ვითანამშრომლებ. მე ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებდი და რა გავაკეთე. ბოლო წამამდე დიეგოსთვის ყველაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ მის საკეთილდღეოდ. თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან მეგობარი გარდამეცვალა. ის ჩემი მეგობარი იყო! ჩემი რამეში დადანაშაულება უდიდესი უსამართლობაა!”

ექიმმა მარადონას ოჯახსაც მიმართა: “დიეგოს ქალიშვილები ხშირად არ მინახავს, მაგრამ ოჯახის სხვა წევრებს კი ვხვდებოდი. ვხედავდი მის დაძმას, მის ბიძაშვილებს. ჩვენ ყველანი ვზრუნავდით დიეგოზე.”

ამავდროულად, ლუკემ მარადონას ალკოჰოლსა და ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრა: “ის გარკვეულწილად თავის სხეულს სჯიდა. მე, მისი ექიმი და მეგობარი ყველაფერს ვაკეთებდი ამის წინააღმდეგ. მარადონა რთული პაციენტი იყო, რომელსაც საკუთარი ტვინი ჰქონდა და იშვიათად უსმენდა ექიმების რჩევებს. ჩვენ, მისი ექიმები ვერაფერს ვაკეთებდით, თუ ეს თვითონ დიეგოს არ უნდოდა. მას ექიმები სძულდა - ჩემს გარდა. ალბათ იმიტომ, რომ მე მასთან ყოველთვის გულახდილი ვიყავი. ჩვენ მეგობრები ვიყავით!” - დასძინა თვალცრემლიანმა ლუკემ.

დიეგო მარადონა და ლეოპოლდო ლუკე

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

კითხვაზე, ვის მიუძღვის ბრალი დიეგო მარადონას გარდაცვალებაში, მან ასე უპასუხა: “კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მისი ადგილი წესით რეაბილიტაციის ცენტრში იყო, მაგრამ ეს არ უნდოდა.”

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო. 

დიეგო მარადონა ოთხშაბათს, ბუენოს აირესში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთის ღმერთად წოდებული არგენტინელი გარდაცვალებამდე 26 დღით ადრე 60 წლის გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები