Thumbnail

23 წლის ქართველი მორაგბე გიორგი კვესელაძე ბრიტანული ვებ-გვერდის Lovell-rugby.co.uk მიერ შედგენილ კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რაც დიდი პატივია, რადგანაც საიტმა მხედველობაში არა მხოლოდ “შემოდგომის ერთა თასის” მატჩები, არამედ, რაგბი ჩემპიონშიპის მორიგ ტურში არგენტინისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებაც მიიღო. სიმბოლურ XV-ში 6 ზელანდიელი, 3 ინგლისელი, 3 ფრანგი, 2 ირლანდიელი და 1 ქართველი მორაგბე მოხვდა.

1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი), 2. ჯეიმი ჯორჯი (ინგლისი), 3. ნეპო ლაულალა (ახალი ზელანდია), 4. იან ჰენდერსონი (ირლანდია), 5. სკოტ ბარეტი (ახალი ზელანდია), 6. აკირა იოანე (ახალი ზელანდია), 7. სემ ანდერჰილი (ინგლისი), 8. არდი სავეა (ახალი ზელანდია), 9. ქონორ მარი (ირლანდია), 10. რიჩი მოუნგა (ახალი ზელანდია), 11. გაბინ ვილიერე (საფრანგეთი), 12. ჯონათან დანტი (საფრანგეთი), 13. გიორგი კვესელაძე (საქართველო), 14. ვილ ჯორდანი (ახალი ზელანდია), 15. ბრის დულინი (საფრანგეთი).

შეგახსენებთ, რომ დუბლინში გამართულ მატჩში კვესელაძემ შეუცვლელად ითამაშა და “ბორჯღალოსნების” ერთადერთი ლელო მე-17 წუთზე დადო, ქართველმა მორაგბეებმა კი თამაში მხოლოდ 10:23 წააგეს. შემთხვევითი არაა, რომ “შემოდგომის ერთა თასის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში, რომელმაც ტურის საუკეთესო მოთამაშე უნდა გამოავლინოს, ქართველი მორაგბეც მოხვდა და ტიტულს სემ ანდერჰილს (ინგლისი), ჯონი უილიამსსა (უელსი) და ბრის დულინს (საფრანგეთი) ეცილება.

📺 ირლანდია - საქართველო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები