Thumbnail

დვალიშვილის გოლით ბოლო წუთზე! დინამო ბათუმმა სამტრედია დაამარცხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონატის მე-17 ტურში დინამო ბათუმი სტუმრად სამტრედიას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა. ბათუმელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე გაიტანეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ამავე ტურში ბათუმელთა კონკურენტი დინამო თბილისი საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა (0:2) და ლიდერთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და სამტრედიელებმა დაწინაურებაც მოახერხეს. 25-ე წუთზე მამუკა კობახიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო (საჯარიმოში წესის დარჩვევისთვის) და სამტრედია ლაშა თოთაძემ პენალტით დააწინაურა. გია გეგუჩაძის გუნდი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ანგარიშშიც ჩამორჩა და რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩა.

თუმცა, ბათუმელთა სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ მათ ბოლომდე იბრძოლეს, რამაც შედეგი გამოიღო. უსახური პირველი ტაიმის შემდეგ, დინამო ბათუმმა მე-2 ტაიმში თამაში გამოასწორა. 63-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილის გადაცემის შემდეგ ჯაბა ჯიღაურმა ახლო მანძილიდან გაიტანა და გაათანაბრა.

ჯიღაურმა ანგარიში 63-ე წუთზე გაათანაბრა

მერე იყო სამტრედიელთა რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები, რასაც გოლი არ მოჰყოლია. გეგუჩაძის გუნდმა კი თავისი შანსები მაქსიმალურად გამოიყენა. მე-3 დამატებულ წუთზე ლაშა შერგელაშვილმა ჯარიმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ შეცვლაზე შესულმა ვლადიმერ დვალიშვილმა ყველას დაასწრო და მატჩის გმირი გახდა.

დინამო ბათუმმა ამ გამარჯვებით 32 ქულა დააგროვა და საჩემპიონო ბრძოლაში დარჩა, სამტრედია კი 19 ქულით მე-7 ადგილზეა. გეგუჩაძის გუნდი მომდევნო მატჩს 5 დეკემბერს, სტუმრად ქუთაისის ტორპედოსთან გამართავს, ხოლო სამტრედია იმავე დღეს დინამო თბილისს დაუპირისპირდება.

სამტრედია 1:2 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 თოთაძე (26, პენ), 1:1 ჯიღაური (63), 1:2 დვალიშვილი (93)

სამტრედია (3-4-3): სეფიაშვილი - კილასონია, სამბუ, თოთაძე - რუხაია, პავიშიჩი (75. თარგამაძე), ქოჩლაძე (63. კერძევაძე), ინკუმი - იმნაძე, ჟუნიორი, ახალაძე (58. დისი)

დინამო ბათუმი (4-3-2-1): ალავიძე - მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, შერგელაშვილი - მამუჩაშვილი, ცინცაძე, ჯიღაური - ვაგნერი (77. ჩალაძე), გაფრინდაშვილი - ნიქაბაძე (69. დვალიშვილი)

კომენტარები

ბოლო ამბები