Thumbnail

ინტერი ლაუტაროს ვეღარ იჭერს - არგენტინელმა დახმარება მენდეშს სთხოვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერის 23 წლის თავდამსხმელს კლუბის შეცვლა სასწრაფოდ სურს
  • მილანელები არგენტინელს ვერც გაორმაგებული ხელფასით აკავებენ
  • ფეხბურთელის ტრანსფერზე ცნობილი აგენტი იმუშავებს

მილანის ინტერი ამაოდ ცდილობს არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის შენარჩუნებას. იტალიური კლუბი 23 წლის ფეხბურთელს ხელფასის გაორმაგებას სთავაზობს, მაგრამ როგორც ჩანს, არგენტინელისთვის ეს საკმარისი არ არის.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაუტაროს, რომელსაც ინტერთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გაოთხმაგებული ხელფასი სურს. ამის გამო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თუმცა დეკემბერში მისი განახლება ისევ იგეგმება.  

ლაუტაროს წასვლა ანტონო კონტეს ინტერესებში არ შედის

ამავდროულად, ესპანური პრესა წერს, რომ მარტინესმა საბოლოოდ გადაწყვიტა მილანელებთან განშორება და უკვე დაუკავშირდა კიდეც ცნობილ პორტუგალიელ აგენტს, ჟორჟე მენდეშს, რათა ამ უკანასკნელმა ახალი კლუბი უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოუძებნოს. 

ცნობილია, რომ ფეხბურთელით ბარსელონა, რეალი და მანჩესტერ სიტი ინტერესდებიან, ლაუტაროს მიზანი კი ისეთ გუნდში გადასვლაა, რომელიც მაღალი მიზნებისა და ევროპული ტიტულებისთვის იბრძოლოს. 

ლაუტარო მარტინესი ინტერის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს. მიმდინარე სეზონში არგენტინელმაანტონიო კონტეს გუნდის ღირსება ყველა ტურნირის 13 მატჩში დაიცვა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. 

სერია A-ში გასული 9 ტურის შემდეგ, მილანის ინტერს 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მილანს (23) ჩამორჩება. ნერაძური ჩემპიონთა ლიგაში 2 ქულით B ჯგუფის აუტსაიდერია.

კომენტარები

ბოლო ამბები