Thumbnail

“შემოდგომის ერთა თასის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის საუკეთესო მორაგბის გამოვლენა დაიწყო და სასიხარულოა, რომ ოთხ პრეტენდენტს შორის საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძეც მოხვდა.

“მართალია, საქართველომ ირლანდიასთან სენსაციური გამარჯვება ვერ მოიპოვა, თუმცა გიორგი კვესელაძემ ბრწყინვალე ლელოს წყალობით, ტურნირზე ნაკრების პირველი ქულები მიითვალა. მან ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ცრუმოძრაობებით რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და მისი დაწევა ვეღარავინ მოახერხა. აღნიშნულის წყალობით, ისე გამოვიდა, რომ კვესელაძეს მატჩის განმავლობაში ბურთი 59 მეტრზე წაიღო და ეს, საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ამას გარდა, გიორგის აქტივში 17 ბოჭვა იყო, მათ შორის, ირლანდიელთა 8 ნომერ სი ჯეი სტენდერზე, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი რამდენიმე მეტრით უკან აღმოჩნდა. ამ დროს კვესელაძის დაცვითი უნარები ძალიან კარგად გამოჩნდა”, - ვკითხულობთ აღნიშნულ საიტზე.

გიორგი კვესელაძემ ჩინებული ლელო დადო

შეგახსენებთ, რომ დუბლინში გამართულ მატჩში კვესელაძემ შეუცვლელად ითამაშა და “ბორჯღალოსნების” ერთადერთი ლელო მე-17 წუთზე დადო. შედეგად, ქართველმა მორაგბეებმა თამაში მხოლოდ 10:23 წააგეს. ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის, ქართველი მორაგბის გარდა, სემ ანდერჰილი (ინგლისი), ჯონი უილიამსი (უელსი) და ბრის დულინი (საფრანგეთი) იბრძვიან.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “შემოდგომის ერთა თასის” ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი წააგო, ახალ ტურნირზე დასკვნითი შეხვედრა კი ფიჯისთან ელის. ეს თამაში 5 დეკემბერს შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში მდებარე სტადიონ “მარიფილდზე” შედგება და მასში გამარჯვებული მე-7 ადგილის მფლობელი გახდება.

📺 ირლანდია - საქართველო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები