Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ირლანდიაში გამართული მატჩი შეაფასა, რომელიც “ბორჯღალოსნებმა” 10:23 წააგეს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წინა მატჩებში, მაისაშვილი შედეგით უკმაყოფილო დარჩა. მის კომენტარს საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

“კარგი ლელო გავიტანეთ, მაგრამ ქულების აღების რამდენიმე შანსი ხელიდან გავუშვით. მთლიანობაში, გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და მე ამ ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ. ექვსი ერის გუნდთან კარგი შედეგი ვაჩვენეთ, თუმცა, წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. მესმის, რომ ექვსი ერი კომერციული ტურნირია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წინსვლისთვის მეტი ასეთი დონის თამაშები გვჭირდება. დაცვაში ბიჭებმა მაგრად იმუშავეს. გამოსწორდა დაცვის მოლი და თამაშის მართვის კუთხით უკეთესობა გვქონდა, თუმცა, არც ესაა საკმარისი ამ დონეზე მატჩის მოსაგებად.

პირველ ტაიმში ორი ლელო მივიღეთ, არადა ორივე შემთხვევაში, რამდენიმე წამით ადრე მეტოქის ნახევარზე ვიყავით, მაგრამ მეტოქეს შანსი მარტივად გადავაბარეთ და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც შესათამაშებლად დრო სჭირდებათ. ვეთამაშეთ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელსაც ჩვენთან დიდი სხვაობით მოგება ჰქონდა დაგეგმილი. ახლა ჩვენ თვისობრივად სხვა გუნდი ვართ და ეს სამომავლოდ დიდ იმედებს მაძლევს.

ტურნირზე სულ ოთხი თამაში გვაქვს და მაქსიმალურად ვეცადე სათამაშო დროის გადანაწილება. ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში გვყავს, მათი ყოველთვის მეიმედება და ვენდობი. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, თამაშში ჩართვის პრობლემა არც დებიუტანტებს ჰქონიათ, მაგრამ მთლიანად გუნდს ჭირდება გამოცდილება, რათა ასეთი შეცდომები აღარ დაუშვას. დრო ცოტა გვაქვს, თუმცა ფიჯისთან ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება. ყველამ კარგად იცის რა დონის გუნდია ფიჯი და ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ჩვენ მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ!”.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” “შემოდგომის ერთა თასის” ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი წააგეს, ახალ ტურნირზე დასკვნითი შეხვედრა კი ფიჯისთან ელით. ეს თამაში 5 დეკემბერს შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში მდებარე სტადიონ “მარიფილდზე” შედგება და მასში გამარჯვებული მე-7 ადგილის მფლობელი გახდება.

📺 ირლანდია - საქართველო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები