Thumbnail
  • ქართველ ფეხბურთელს თითქმის 3 კვირაა კორონავირუსი აქვს
  • ლეონიდ სლუცკიმ შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა

რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში ყაზანის რუბინმა მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და ჯორჯ დესპოტოვიჩის გოლით 1:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც კორონავირუსისგან ჯერ კიდევ არ განკურნებულა და საქართველოში იზოლაციაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით მაშინ, როდესაც ხვიჩას COVID-19 დაუდასტურდა, კარლ სტარფელტი და ჰვან ინ-ბომიც დაინფიცირდნენ, მაგრამ ორივე ეს ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და ცსკა-სთან ითამაშეს კიდეც. ამიტომაც, მატჩის შემდეგ რუბინის მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ხვიჩას შესახებ ჰკითხეს, რაზეც რუსი სპეციალისტის პასუხი ასეთი იყო:

"ეროვნულ ნაკრებში მისი დიაგნოზის გამოცხადების შემდეგ, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. ის კვლავ საქართველოშია და ველით მისი დაბრუნების შესაძლებლობას. ინ-ბომი და სტარფელტი უკვე დაბრუნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით იმ დროს დაინფიცირდნენ, როდესაც ხვიჩა. კვარაცხელია აქ ჯერ არ არის", - თქვა სლუცკიმ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში 2 გოლთან და 2 საგოლე პასთან ერთად 3 პენალტი აქვს მოპოვებული. რუბინი რუსეთის პრემიერლიგაში 16 ტურის თავზე 24 ქულით მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 დეკემბერს, მოსკოვის ლოკომოტივს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები