Thumbnail
  • 'საქართველო ნამდვილად მაგრად დაგვიდგა, განსაკუთრებით, ეს, შერკინებაზე ითქმის'
  • დუბლინში გამართული მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარები გაკეთდა

ბორჯღალოსნებმა მაგრად იბრძოლეს - ფრედ დასრულებული ტაიმი ირლანდიასთან

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც არცთუ იოლ ბროლაში მასპინძლებმა 23:10 მოიგეს, პირველი კომენტარები გაკეთდა. “ბორჯღალოსნების” მხრიდან კაპიტანმა მერაბ შარიქაძემა და შეტევის ირლანდიელმა მწვრთნელმა ნილ დოკმა ისაუბრეს. “სამყურებს” კაპიტანი ჯაიმს რაიანი და იან ჰენდერსონი წარმოადგენდნენ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. პათოსი ერთი იყო – ქართველებმა სახელოვან მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

მერაბ შარიქაძე: “აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ წინა მატჩებთან შედარებით უკეთ გამოვიყურებოდით. ეს, პირველ რიგში გუნდურ თამაშს ეხება. ჩვენ შემდგომი წინსვლისთვის სწორედ ასეთი შესაძლებლობები გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი მატჩი ძლიერ მეტოქეებთან. ზედიზედ 3 კვირა ამ დონეზე თამაში ფანტასტიური გამოცდილებაა. მინდა მივულოცო გიორგი კვესელაძეს, რომელიც დიდი ტალანტია და საოცარი სილამაზის ლელოც გაიტანა. ახლა, გასარკვევია ბოლო მატჩში ჩვენი მეტოქე იტალია იქნება თუ ფიჯი და მზადებასაც ამის მიხედვით დავიწყებთ”.

მერაბ შარიქაძე ინგლისთან მატჩში

ნილ დოკი: “კარგია, რომ საქართველო ანგარიშის მხრივ ბოლომდე თამაშში იყო. ძალისხმევა, ენთუზიაზმი და ენრგია, რაც ბიჭებმა გაიღეს, ნამდვილად დასაფასებელია და ამან შედეგიც გამოიღო. მთავარი ისაა, რომ ბიჭებმა ამგვარ ტემპში თამაშის პოტენციალი გამოამჟღავნეს. აშკარაა, რომ ისინი ამგვარ ბრძოლებში იწრთობიან. ისეთი თამაში, როგორიც დღეს იყო, საქართველოს ნაკრებისთვის გაცილებით მეტი სარგებელის მომტანია, ვიდრე – ირლანდიისთვის”.

იან ჰენდერსონი: “ვფიქრობ, რომ გამოუყენებელი შანსების მატჩი იყო, ბევრი კარგი შეტევა გვქონდა, რომელიც უკეთ უნდა დაგვესრულებინა. ნამდვილად შეგვეძლო, რომ 2-3 ლელოთი მეტი გაგვეტანა. უნდა ითქვას, რომ საქართველო ნამდვილად მაგრად დაგვიდგა, განსაკუთრებით, ეს, შერკინებაზე ითქმის”.

ჯეიმს რაიანი: “რთული თამაში გამოვიდა, არაფერი დაგვითმეს, ქართველები ამაყი ერია და ვიცოდით, რომ ასეც იქნებოდა. გარკვეული კითხვები მსაჯთან დაკავშირებითაც იყო. ვფიქრობ, რამდენიმე ეპიზოდში სხვაგვარი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ცხადია, რომ კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგანაც მხოლოდ 2 ლელო დავდეთ. ამის მიზეზი ისიცაა, რომ საქართველომ ძალიან მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა, დასკვნით ფაზაში ჩვენც უკეთესები უნდა ვყოფილიყავით”.

📺 ირლანდია - საქართველო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები