Thumbnail
  • ირლანდია 23:10 საქართველო
  • საქართველოს ნაკრებმა 'შემოდგომის ერთა თასზე' პირველი ქულები აიღო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა “შემოდგომის ერთა თასის” ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი დუბლინში ჩაატარა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მასპინძელ ირლანდიასთან მარცხი (10:23) განიცადა, თუმცა, გასულ შეხვედრებთან შედარებით, პროგრესი აშკარად იყო.

წინა მატჩების მსგავსად, ბორჯღალოსნები ელემენტარულ სიტუაციებში ახლაც ბევრჯერ შეცდნენ (ეს, განსაკუთრებით დერეფანსა და სტატიკურ სიტუაციებს ეხება) და ამით, "სამყურებს" არაერთი შეტევის წამოწყების საშუალება მისცეს, თუმცა, კარგი ის იყო, რომ ამჯერად შეტევაშიც რაღაც გამოგვივიდა და ინგლისთანა და უელსთან თამაშებივით უქულოდ არ დავრჩენილვართ.

ნავსი გიორგი კვესელაძემ გატეხა, რომელმაც შეხვედრის მე-17 წუთზე ხაზი გაჭრა, რამდენიმე მეტოქეს გვერდი აუქცია და ლამაზი ლელოს დადება მოახერხა. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 7:20 წააგეს. აქვე ვთქვათ, რომ კვესელაძემ დაცვაშიც მაგრად იმუშავა და საქართველოს ნაკრებში თორნიკე ჯალაღონიასთან ერთად, აშკარად საუკეთესო იყო.

საწყისი ნახევრის გმირი ირლანდიელთა მგეზავი ბილი ბარნსი გახდა, რომელმაც ლელო, 2 გარდასახვა და 2 ჯარიმა მიითვალა, კიდევ 1 ლელო კი გარემარბმა ჰუგო კინანმა დადო. სხვათა შორის, ზედ შესვენების წინ, “სამყურებმა” ანგარიშში სხვაობა გაზარდეს, როდესაც მარცხენა ფლანგზე სტუარტ მაკკლოსკიმ ჩინებულად ირბინა, თუმცა, ვიდეო-რეფერის დახმარებით გაირკვა, რომ მანამდე ჯეიკობ სტოკდეილმა წინ პასი გააკეთა.

ჰუგო კინანის ლელო

"ბორჯღალოსნებმა" მე-2 ტაიმი უფრო მობილიზებულად დაიწყეს, მეტოქის 22-ში შესვლაც შესძლეს, თუმცა, მოლიდან უპირატესობის ნახვა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, მეტოქე ბურთის ჩახურვისთვის დავაჯარიმეთ და აბჟანდაძის დარტყმა ზუსტი გამოდგა - 20:10. 57-ე წუთზე საპასუხო 3 ქულა შეცვლაზე შესულმა როს ბერნმა გაიტანა. მას წესების დარღვევა თამაზე მჭედლიძეს არ აპატია.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა და ისე გამოვიდა, რომ დარჩენილ დროში კარგი დაცვის ხარჯზე მეტოქე უქულოდ დავტოვეთ. შედეგად, უძლიერეს ირლანდიის ნაკრებს მე-2 ტაიმი ფრედ (3:3) ვეთამაშეთ, რაც ნამდვილად კარგი შედეგია. ცუდი ის იყო, რომ ერთი შეხედვით მძიმე ტრავმა მიიღო ბექა გორგაძემ, მალევე კი ტვინის შერყევაზე შემოწმების მიზნით, მინდვრის დატოვება მოუხდა "ბორჯღალოსნების" კაპიტან მერაბ შარიქაძეს.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიასთან მატჩში შედგა ეროვნულ ნაკრებში 20 წლის მიხეილ ალანიასა და 18 წლის დავით ნინიაშვილის დებიუტები. ქართული რაგბის სტაჟიან ქომაგს კარგად ემახსოვრება მიხეილის მამის კახა ალანიას თამაში, რომელმაც 1993-2004 წლებში, ბორჯღალოსნების მაისურით 25 თამაში ჩაატარა. ის ასევე რეგულარულად თამაშობდა საქართველოს 7-კაცა ნაკრებში.

თუკი არაფერი შეიცვალა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ ექსპერიმენტულ ტურნირზე ბოლო მატჩს 5 დეკემბერს ჩაატარებს, "ბორჯღალოსნების" მეტოქე კი კი ფიჯი იქნება. ამ შეხვედრაში "შემოდგომის ერთა თასის" მე-7 ადგილოსნის ვინაობა უნდა გაირკვეს. შეგახსენებთ, რომ კუნძულელები შეჯიბრის ჯგუფური ეტაპის თამაშებს კორონავირუსის პანდემიის გამო დააკლდნენ, თუმცა, ახლა მათ რიგებში უკეთესი სიტუაციაა და ფიჯი უკვე სავარჯიშო პროცესშია.

📺 ირლანდია - საქართველო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები