Thumbnail
  • ეარ ფორსი 66:61 კალ სტეიტი
  • 18 წლის ქართველ ცენტრს აქტივში 9 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა

18 წლის ქართველმა კალათბურთელმა ალექსანდრე მერკვილაძემ NCAA-ს პირველი დივიზიონის კლუბ კალ სტეიტ ნორტრიჯის მაისურით მე-2 მატჩი ჩაატარა და მართალია, სადებიუტო შეხვედრის დარად შედეგიანი არ ყოფილა, გუნდს ამჯერადაც დიდი სარგებელი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მერკვილაძის კლუბმა ბიგ ვესთის კონფერენციის პირველ თამაშში ვესტმაუნტს 97:79 მოუგო, ქართველმა ცენტრმა კი 20 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ეარ ფორს ფალკონსთან წაგებულ (61:66) შეხვედრაში კი, ალექსანდრეს (მას ამერიკაში ალექსად მოიხსენიებენ) ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

მერკვილაძემ მოედანზე 36 წუთი გაატარა და აქტივში 9 ქულა, 12 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

კალ სტეიტ ნორტრიჯ მატადორსი მომდევნო მატჩს 1 დეკემბერს ჩაატარებს, მეტოქედ კი სიეტლ რედჰოუქსი ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები