Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელებმა და ილიას ზუროსის ასისტენტმა მატჩი შეაფასეს
  • სუპერლიგის მოთამაშეები ნაკრებში დებიუტით ბედნიერნი არიან

ქალაქ ესპოოში ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართა, ილიას ზუროსის ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და 91:85 გაიმარჯვა. ეს საქართველოს ნაკრების მესამე გამარჯვებაა მესამე საკვალიფიკაციო მატჩში. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მატჩი შეაფასეს. გარდა ამისა, მედიასთან გიორგი შერმადინმა, ალექსანდრე ფევაძემ, გივი ბაქრაძემ, საბა ლობჯანიძემ და ილიას ზუროსის ასისტენტმა მილოშ გლიგორიევიჩმა ისაუბრეს.

გიორგი შერმადინი: ვულოცავ ჩვენს ნაკრებს ფინეთთან მოგებას. გახარებული ვარ, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ყველამ კარგად იცოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოგება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ვიცი, რომ მთელი ქვეყანა ამ თამაშს უყურებდა და კიდევ ერთხელ მათაც მივულოცავ ამ გამარჯვებას.

ალექსანდრე ფევაძე: ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ფინელები პერიმეტრიდან მაგრად გვიტევდნენ. მე პირადად მწვრთნელმა დავალებები დაცვასთან დაკავშირებით მომცა, თუმცა შეტევაშიც რაღაცები გამომივიდა, რისთვისაც დიდი მადლობა თანაგუნდელებს. გამარჯვება მძიმე ბრძოლაში მოვიპოვეთ. შვეიცარიამ სერბეთს მოუგო. სწორედ ამიტომ, ზეგ რთული მატჩი გველის და ამ შეხვედრისთვის მზადებას უკვე ვიწყებთ.

გივი ბაქრაძე: უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ფინეთს ფინეთში პირველად მოვუგეთ. ბედნიერი ვარ, რომ ამ მოგებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ძალიან დაძაბული თამაში იყო. შეხვედრის ბოლოს რამდენიმე ეპიზოდში კარგი დაცვა ვითამაშეთ და მატჩის ამის ხარჯზე მოვიგეთ. ასევე ნაკრების ლიდერები, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია შეუჩერებლები იყვნენ.

მილოშ გლიგორიევიჩი (ილიას ზუროსის ასისტენტი): ჩვენ ყველა შეხვედრისთვის ისე ვემზადებით, თითქოს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. მოთამაშეები საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. ვულოცავ მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბსა და ფედერაციის წარმომადგენლებს. ჩვენ ნამდვილად ისე ვმოქმედებთ, რომ თითოეული მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია. შემდეგ თამაშშიც ზუსტად ასე ვიმოქმედებთ.

ჩვენ ვიცოდით, რომ ფინეთი რთული მეტოქე იყო. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან, ბევრს დარბიან და კარგად ესვრიან. მოთამაშეებმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გვიჩვენეს და იბრძოლეს, ყველა ჩვენგანი ბედნიერია. ვულოცავ მათ.

საბა ლობჯანიძე: ვიცოდით ფინელების ძლიერი და სუსტი მხარეები. რა თქმა უნდა, ჩვენი ლიდერების ხარჯზე მოვიგეთ. თავისი წვლილი სხვა მოთამაშეებმაც შეიტანეს. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ამ ბიჭებთან თამაში. ვცდილობდი, რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. დავალება გვქონდა, რომ ბურთი მათ ნაკლებად ჰქონოდათ. ვულოცავ საქართველოს ზედიზედ მესამე მოგებას და ჯგუფში ლიდერობას.

კომენტარები

ბოლო ამბები