Thumbnail
  • 📅 29 ნოემბერი | ⌚ 18:00 | 🏉 ირლანდია V საქართველო | 📺 ტელეკომპანია იმედი
  • ბორჯღალოსნები 8 ერზე თამაშში პირველი ქულების აღებას შეეცდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 29 ნოემბერს, შემოდგომის ერთა თასზე მესამე ტურის შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე ირლანდიის ნაკრები იქნება. მატჩი "ავივა სთედიუმზე'' გაიმართება და 18:00-საათზე დაიწყება. გულშემატკივარი მატჩის ტელეტრანსლაციას ტელეკომპანია იმედის ეთერში იხილავს.

ირლანდიასთან შეხვედრამდე ლევან მაისაშვილმა განაცხადა, რომ სტატიკური ფაზები გადამწყვეტი იქნება. ნაკრების მწვრთნელი ამბობს, რომ უელსთან მატჩის შემდეგ შერკინება გაანალიზეს და ირლანდიასთან უკეთესი თამაშის იმედი აქვს. ნაკრების პრობლემად თამაშის მართვა რჩება, რისი გამოცდილებაც ქართველ მორაგბეებს ჯერჯერობით ამ დონეზე არ აქვთ.

''ისეთი დონის გუნდებს ვეთამაშებით, რომ მხოლოდ ჯანით ვერავის დაჩაგრავ და გვჭირდება ვარიაციები შეტევაში, რისთვისაც ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს, ვიდრე წინა მატჩებში გვქონდა. კმაყოფილი ვარ შეტევის მწვრთნელის მუშაობით. ირლანდია უელსზე რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. თამაშიდან თამაშამდე, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც, დიდ გამოცდილებას ვიღებთ და წინსვლაც აშკარად გვაქვს'', - განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა.

ორი ახალგაზრდა მორაგბისთვის - მიშიკო ალანიასა და დავით ნინიაშვილისთვის 29 ნოემბერი განსაკუთრებული დღე იქნება. 20 და 18 წლის მორაგბეები, ამ დღეს პირველად მოირგებენ ეროვნული გუნდის კვართს და სადებიუტო მატჩი დუბლინში, ლეგენდარულ ''ავივა სთედიუმზე'' ირლანდიის ნაკრებთან ექნებათ. მაისაშვილმა ისინი სამატჩო, 23-კაციან განაცხადში უკვე დაასახელა.

8 ერი | მზადება ირლანდიისთვის

#8ერი | ბორჯღალოსნების მზადება ირლანდიისთვის 🏉 🎙 კომენტარებით გრიგოლ ქერდიყოშვილი და ბექა გორგაძე Autumn Nations Cup 2020 🏆 🍁 🍂 ☘️ ირლანდია vs საქართველო 🇬🇪 | 29 ნოემბერი | 18:00, ავივა 📺 LIVE: TV Imedi და რაგბი TV/Rugby TV 📺 საზღვარგარეთ: bit.ly/3n55MPW 📺 სხვა მატჩები: Silk Sport #AutumnNationsCup #რაგბიჩვენითამაშია #ბორჯღალოსნები

Posted by Georgian Rugby on Thursday, November 26, 2020

უელსთან მატჩის შემდეგ, შერკინებაში ოთხი ცვლილებაა. როტაციის პრინციპით, ირლანდიასთან კვაჭის პოზიციაზე თამაშს შალვა მამუკაშვილი დაიწყებს. ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩს იწყებენ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი.

სრულად შეიცვალა მეორე ხაზი. ტრავმა მოიშუშა და სასტარტო შემადგენლობაშია ნოდარ ჭეიშვილი, რომელსაც ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. შეგახსენებთ, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში ნეკნი დაიზიანა კოტე მიქაუტაძემ და ის თამაშს გამოტოვებს.

მესამე ხაზში ფლანკერის პოზიციაზე თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, საქართველოს ნაკრები ამჟამად უქულოდაა. მაისაშვილის გუნდმა ორივე თამაში ნულზე წააგო. იმედია, რომ ''ბორჯღალოსნები'' თამაშში ისტორიულ ქულებს ირლანდიასთან მაინც აიღებენ.

ირლანდიას 4 ქულა აქვს. ''სამყურებმა'' წინა ტურში ინგლისთან წააგეს და ახლა ჯგუფში მე-2 ადგილზე არიან. დიდი ალბათობით, ირლანდიელები ჯგუფში მეორე ადგილზე გავლენ და შემოდგომის ერთა თასზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

🏉 ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს მეხუთედ ეთამაშებიან.

🏉 ირლანდიის ნაკრებს წინა ოთხივე მატჩი მოგებული აქვს.

🏉 ქულების სტატისტიკა: ირლანდიას საქართველოსთან 196 ქულა აქვს დადებული, საქართველომ ირლანდიას 31 ქულა გაუტანა

🏉 საქართველოს ნაკრებს უქულოდ ისტორიაში 4 მატჩი აქვს წაგებული. მათ შორის ერთ-ერთი ირლანდიასთან 1998 წელს - 0:70.

🏉 ირლანდიის ნაკრებისთვის ლელო ოთხ ქართველ მორაგბეს დაუდია: ვასილ კაცაძეს, ბესიკ ხამაშურიძეს, გიორგი შკინინსა და გიორგი ნემსაძეს.

🏉 საქართველოს შემოდგომის ერთა თასის თამაშში ჯერ ქულა არ აუღია.

🏉 საქართველო ირლანდიას ბოლოს 2014 წელს, დუბლინში ეთამაშა. ირლანდიელებმა ის მატჩი 49:7 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ იმ შემადგენლობიდან ნაკრებში მხოლოდ 4 მორაგბეა: მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, მიხეილ ნარიაშვილი და შალვა მამუკაშვილი.

''შემოდგომის ერთა თასი". მე-3 ტური

ირლანდია - საქართველო

საქართველოს ნაკრები

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (28 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (5 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (27 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (69 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. თამაზ მჭედლიძე (59 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (18 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (54 კეპი, 40 ქულა).

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (64 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (76 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (26 კეპი), 5. ლაშა ჯაიანი (4 კეპი), 6. ბექა საღინაძე (15 კეპი, 5 ქულა), 7. თორნიკე ჯალაღონია (2 კეპი), 8. ბექა გორგაძე (30 კეპი, 40 ქულა).

სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე (12 კეპი, 5 ქულა), 17. ლექსო ყაულაშვილი (3 კეპი), 18. გიორგი მელიქიძე (20 კეპი, 5 ქულა), 19. გიორგი ჯავახია (3 კეპი), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა); 21. მიხეილ ალანია (უკეპო), 22. დემურ თაფლაძე (4 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (უკეპო).

კომენტარები

ბოლო ამბები