Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი მაყურებლების გარეშე? უეფა 4 სცენარს განიხილავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უეფა ევროპის ჩემპიონატზე მაყურებელთა დასწრების საკითხს მარტში გადაწყვეტს
  • გავრცელებული ინფორმაციით, 4 გეგმაა შემუშავებული

უეფა ევროპის ჩემპიონატის თამაშებზე გულშემატკივრების დასწრების 4 სხვადასხვა სცენარს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა Sportschau-მ გაავრცელა.

პირველი და ყველაზე სასურველი სცენარი, რა თქმა უნდა, სავსე სტადიონებია. ეს გეგმა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი ზაფხულამდე კორონავირუსი სრულად კონტროლირებადი იქნება.

მეორე სცენარის მიხედვით, სტადიონებზე ტრიბუნების მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 100 პროცენტი უნდა შეივსოს - რაოდენობა კონკრეტული ქალაქის კოვიდ-მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ამ გეგმის ნაწილია მხოლოდ ადგილობრივი მაყურებლები დამცავი ნიღბებით.

მესამე გეგმა გულისხმობს სტადიონებზე ტრიბუნების ერთი მესამედის შევსებას. მეოთხე და ყველაზე არასასურველი სცენარი კი ევროპის ჩემპიონატზე უმაყურებლო თამაშებია. 

უეფას გადაწყვეტილებით, 2021 წლის 5 მარტამდე გადაწყდება, კონტინენტის პირველობის 12 მასპინძელი ქალაქიდან, რომელში რომელი გეგმა განხორციელდება. ყველაფერი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიაზეა დამოკიდებული. შესაძლოა, სხვადასხვა სტადიონებზე სხვადასხვა გეგმის განხორციელება გადაწყდეს.

Sportschau-ს ინფორმაციით, უეფა 5 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას უკეთესით აღარ შეცვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად 5 მარტს გადაწყდება, რომ მიუნხენში თამაშები ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება, ზაფხულამდე ‘ალიანც არენაზე’ მაყურებლების დაშვება გამოირიცხება იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპრილსა და მაისში მიუნხენში კოვიდ-სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. მარტში მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ უარესობისკენ შეიძლება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები