Thumbnail
  • 📅 28 ნოემბერი | ⌚ 21:30 | 🏀 ფინეთი V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • ილიას ზუროსის გუნდს თორნიკე შენგელიაც შეუერთდა
  • ფინეთის ნაკრები კორონავირუსმა დააზარალა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთში იმყოფება, სადაც 28 ნოემბერს ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით მასპინძლებს გაეჯიბრება, 30 ნოემბერს კი, E ჯგუფის კიდევ ერთ წარმომადგენელ შვეიცარიასთან თამაში ელის. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში ქართველებს უკვე დამარცხებული ჰყავთ ხსენებული შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, ფიბამ გათამაშების ფორმატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული “ბაბლის” პრინციპით ატარებს, რაც თითო ჯგუფის ყველა თამაშის ერთ ქვეყანასა და ერთ დარბაზში გამართვას გულისხმობს. შესაბამისად, E ჯგუფის წევრები ფინეთი, საქართველო, სერბეთი და შვეიცარია ესპოოში არიან შეკრებილნი, საკარანტინე პირობებში ცხოვრობენ და სასტუმროს მხოლოდ სავარჯიშოდ, უსაფრთხოებისა და რეგულაციების მაქსიმალური დაცვით ტოვებენ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, რონლის შეგირდებსაც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლინს რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, მომავალი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი გამოიძახა. საინტერესოა, რომ თავად ბერძენი სპეციალისტი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი გუნდს უშუალოდ ფინეთში დახვდნენ, თბილისიდან ესპოოსკენ გეზი სუპერლიგის 8 კალათბურთელმა (მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ბულაშვილი და ილია ლონდარიძე) აიღო, იქ კი, მათ ლეგიონერები – გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე შეუერთდნენ.

თად მაკფადენს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

შემადგენლობისთვის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უდიდესი დანაკლისი აქვს. ტრავმების გამო გუნდს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება – რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლები აწუხებთ. სტუდენტური ლიგის სეზონი სწორედ ახლა დაეწყო სეტონ ჰოლის წევრ სანდრო მამუკელაშვილს, კორონავირუსის პანდემიის რეგულაციების გამო კი, ფინეთში ვერ ჩადიან ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოთამაშე კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.

დანაკლისის ფონზე ილიას ზუროსს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა. მან ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვია გივი ბაქრაძე, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საბოლოო განაცხადშიც მოხვდა. ოფიციალური ტურნირის ძირითად შემადგენლობაში პირველად აღმოჩნდნენ ახალგაზრდა კალათბურთელები – ალექსანდრე ფევაძე და ლუკა ბულაშვილი, ხოლო ლუკა ზაქრაძე ეროვნულ გუნდს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ილიას ზუროსს ნაკრების მოსამზადებლად მცირე დრო აქვს
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ილიას ზუროსი: “ესპოოში 2 რთული მატჩი გველის, განსაკუთრებით კი, მასპინძელ ფინეთთან. ცხადია, მოგება მეტოქეებსაც ძალიან უნდათ, რადგანაც ჩვენგან განსხვავებით, მათ ევროპის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული არ აქვთ და დიდ კონკურენციაში იმყოფებიან. ფინელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელსაც გასულ მატჩებში არაერთი ძლიერი მეტოქეები დაუმარცხებია. მათი უპირატესობა ისაა, რომ დიდი ხანია ერთად არიან და კარგად არიან შეთამაშებულნი. ამ ეტაპზე ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგანაც საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით ვართ ჩამოსულნი. ფინელების სათამაშო სტილი ყველასათვის ცნობილია: მოედანზე სწრაფი გადაადგილები და ბევრი შორეული სროლა. თითქოს იოლი გასაშიფრია და ასახსნელადაც იოლია, თუმცა, თუკი გუნდის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გაქვს, ძნელია რაიმე გააკეთო. წარმოიდგინეთ, ამ შეკრების დროს მხოლოდ 2-3 ვარჯიში გვქონდა, დაცვის მიმართულებით კი, დღეს საერთოდაც პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. ყველამ იცის, რომ ჩემი სათამაში ფილოსოფია სწორედ დაცვას უკავშირდება და ყველაფერი აქედან ეწყობა, თუმცა, მართლაც ექსტრემალურ ვითარებაში ვიმყოფებით. იმ ფონზე, როდესაც ნაკრებში ზოგი მოთამაშე – გვიან, ზოგი კი საერთო ვერ ჩამოდის, გეგმის მიხედვით მოქმედება ძალიან რთულია”.

შეგახსენებთ, რომ ერთი პირობა კითხვის ქვეშ იდგა მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის თად მაკფადენის თამაში. მას ფინეთში ჩასვლის შემდეგ კორონავირუსზე დადებითი ტესტი აღმოაჩნდა და გარკვეული პერიოდი ნაკრებს ჩამოაშორეს. საბედნიეროდ, თადის განმეორებითი ტესტი უკვე უარყოფითი იყო და მას მხოლოდ 1 ვარჯიშის გამოტოვება მოუხდა. ამდენად, ის, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია ეროვნული გუნდის მთავარი გამწევი ძალა იქნებიან. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ჰელსინკიში მოსკოვიდან, ფრანკფურტის გავლით, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩაფრინდა და საღამოს ვარჯიშზე გუნდთან ერთად იქნება, თუმცა სავარაუდოა, რომ მთავარი მწვრთნელი მის დატვირთვას მოერიდება. შენგელიამ გუშინ ევროლიგაში რეალის წინააღმდეგ ითამაშა და მოსკოვიდან ჰელსინკიმდე გზას 10 საათზე მეტი დრო მოანდომა.

გიორგი შერმადინზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

გიორგი შერმადინი: “ვვარჯიშობთ ესპოოს დარბაზში, სადაც 28 და 30 ნოემბერს ფინეთსა და შვეიცარიას ვეთამაშებით. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვართ და საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს აქვს დაგეგმილი. ჩვენს პირველ მეტოქეს, ფინეთს კარგი მსროლელები ჰყავს. ჩემი თანაგუნდელია სასუ სალინი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატშიც ერთ-ერთ გამორჩეულ მსროლელად ითვლება. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება სწრაფი ფინელების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა. რაც შეიძლება ნაკლები სივრცე უნდა დავუტოვოთ სამქულიანების სასროლად”.

საქართველოსთან მატჩს სოლიდური დანაკლისით ხვდება ფინეთის ნაკრებიც, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში სერბეთთან განადგურდა (58:80) და შვეიცარიას (69:64) აჯობა და მომავალ თამაშებში წარმატება ძალიან სჭირდება. მოახლოებული მატჩების პრინციპულობიდან გამომდინარე, მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი ჰენრიკ დეტმანი ყველანაირად ცდილობდა, ნაკრებში ჩასვლაზე NBA-ს ვარსკვლავი ლაური მარკანენიც დაეთანხმებინა, თუმცა, ჩიკაგო ბულსთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ნაკრებს გამოაკლდა იტალიური ვანოლი კრემონას მცველი ტოპიას პალმიც, რომელსაც პირველი ფანჯრის დროს საშუალოდ 12.5 ქულა ჰქონდა, კიდევ ერთი ცუდი ამბავი კი მასპინძლებს უშუალოდ ესპოოში ელოდათ.

მოახლოებულ მატჩებში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება 32 წლის მცველი პეტერი კოპონენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ფინეთის კალათბურთის ფედერაციის ცნობით, კოპონენს სხვა მოთამაშეებთან კონტაქტი არ ჰქონია, ამდენად, მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ცნობისთვის, კოპონენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას ჯერ კიდევ 2006 წლიდან იცავს და მის გარეშე ფინური კალათბურთი დიდი ხანია წარმოუდგენელია. 2017 წლის ევრობასკეტზე, სადაც ფინეთის ნაკრებმა პლეი ოფამდე მისვლა მოახერხა, პეტერის საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 31.6 წუთი, 13.2 ქულა, 2.5 მოხსნა და 6.3 პასი.

ფინელთა ერთ-ერთი ლიდერი სასუ სალინი კოვიდ-ტესტის გავლის დროს

ჰენრიკ დეტმანი: “მხოლოდ 5 დღე გვქონდა, რათა პრინციპული მატჩებისთვის მოვმზადებულიყავით. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის სათავეში სრულიად დამსახურებულად იმყოფება, სერბეთი კი ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებთა შორისაა. ამდენად, ძალიან რთული 2 შეხვედრა გველის”.

საქართველოს ნაკრების შესახებ კომენტარი გააკეთა ფინეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემაც:

მიკო ლარკასი: “საქართველოს ნაკრების თამაში დიდწილად არის დამოკიდებული შენგელია-შერმადინი-მაკფადენის ტრიოზე. ის, რომ გუნდს შენგელიაც ემატება, მათთვის დიდი პლიუსია, რადგანაც თორნიკეს გუნდის ერთიორად გაძლიერება შეუძლია. უკანასკნელი ფანჯრის დროს ქართველები ფარქვეშ მაქსიმალურად ცდილობდნენ შერმადინის დატვირთვას, ეს, ხელ-ფეხს სხვა მოთამაშეებს უხსნიდა, შენგელიასა და მაკფადენს კი, შესატევ პოზიციაზე გასვლა იოლად შეუძლიათ. ჩვენი უპირატესობა სწრაფი გადაადგილება და შეტევა უნდა გახდეს. მათ სირბილში უნდა ვაჯობოთ. სხვათა შორის, ჩვენი ძველი ნაცნობია გივი ბაქრაძე, რომელიც ლაპუას რიგებში თამაშობდა. დანარჩენები, ძირითადად, ახალი ბიჭები არიან, თუმცა, არავითარ დაუფასებლობაზე საუბარი არაა”.

საქართველოსა და ფინეთის ნაკრებთა მატჩი 28 ნოემბერს თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს. ვთქვათ ისიც, რომ ხვალინდელი მეტოქეების გასული 5 მატჩიდან ფინელებს 3 აქვთ მოგებული, ამდენად, თუკი ამჯერად ილიას ზუროსის შეგირდებმა იმარჯვეს, ბალანსი თანაბარი გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები