Thumbnail

‘მარადონა მოცარტი და პიკასო იყო’ - ყოფილმა მწვრთნელმა დიეგოს ამბები გაიხსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დიეგო მარადონას ყოფილმა მწვრთნელმა მის ფენომენზე ისაუბრა
  • ოტავიო ბიანკიმ დიეგოს შესახებ ‘გაძეტა დელო სპორტთან’ ისაუბრა

დიეგო მარადონას ყოფილმა მწვრთნელმა ოტავიო ბიანკიმ ოთხშაბათს გარდაცვლილი ლეგენდის თამაში პიკასოს ნახატებს შეადარა.

“მარადონას თამაშს ზუსტად ისე ვუყურებდი, როგორც პიკასოს ნახატებს. მე ძალიან მიყვარს მხატვრობა და განსაკუთრებით პიკასო. ყოველთვის, როცა დიეგო ბურთს მიიღებდა, მქონდა შეგრძნება, რომ რაღაც განუმეორებელს, სრულყოფილსა და შეუდარებელს ვუყურებდი,” - განაცხადა 77 წლის ბიანკიმ ‘გაძეტა დელო სპორტთან’ ინტერვიუში.

ბიანკი ამბობს, რომ მას უდიდესი პრივილეგია ჰქონდა, ყოველდღე ცოცხლად ენახა მარადონას ფეხბურთი: “ყოველდღე, ყველა ვარჯიშზე დიეგო უნიკალური სიმარტივითა და ბუნებრივობით გვჩუქნიდა იმას, რაც ნიჭით მოსდევდა. ვუყურებდი მის თამაშს და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნუთუ ეს ყველაფერი მართლა შესაძლებელია-მეთქი,” - დასძენს ბიანკი, რომელიც მარადონას 1985-დან 1989 წლამდე ნაპოლიში წვრთნიდა და მასთან ერთად იტალიის ჩემპიონატი, თასი და უეფას თასი მოიგო.

ნაპოლის ყოფილი დამრიგებელი იმასაც ამბობს, რომ არ სურდა, დიეგოს შეემჩნია, როგორი აღფრთოვანებული იყო იგი მისი თამაშით: “ყველა ცივსისხლიან მწვრთნელად მომიხსენიებდა და არ მსურდა, მარადონას შეემჩნია, რომ მისი ყველა მოძრაობა, ბურთთან ყველა შეხება აღმაფრთოვანებდა. ეს ხელოვნება იყო! მარადონას თამაშისთვის თვალის დევნება, იგივე იყო, რაც მოცარტის მუსიკის მოსმენა. მარადონა ფეხბურთის მოცარტი იყო.”

ოტავიო ბიანკი და დიეგო მარადონა

ბიანკი: “დედამიწაზე ვერავინ, თვით ყველაზე ქარიზმატული მწვრთნელიც კი ვერ გაუძლებდა იმ წნეხს, რაც მარადონას ჰქონდა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. სულაც არ მსურს, რომ მისი შეცდომები გავამართლო, მაგრამ გარშემო ბევრი ცუდი ადამიანი ჰყავდა. დიეგო მის გარშემო ატეხილმა ამბებმა დააზარალეს. ჩვენ რომ მისთვის ხშირად გვეთქვა “არა”, მისი ცხოვრება მოგვიანებით სხვანაირი იქნებოდა.

დიეგო არმანდო მარადონა ოთხშაბათს, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთის ღმერთად წოდებული ხუთშაბათს, ბუენოს აირესში დაკრძალეს. მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები