Thumbnail

ლანჩხუთი V როსენგარდი - მატჩის ჩატარების ადგილი ცნობილია

ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში შვედურ როსენგარდს ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდება, პირველ შეხვედრაში მეტოქეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ლანჩხუთში უეფას სტანდარტის შესაბამისი მოედნის არარსებობის გამო, გიორგი ჩხაიძის გუნდს ორი არჩევანი ჰქონდა -  ვაკის სტადიონი ან ბათუმის ახალი არენა. გუნდის ხელმძღვანელობამ სფფ-სთან ერთად, საბოლოოდ არჩევანი დედაქალაქზე შეაჩერა.

"ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი ქსკ ლანჩხუთსა და ქსკ როსენგარდს შორის, 9 დეკემბერს თბილისში "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე მაყურებლის გარეშე გაიმართება და 14 საათზე დაიწყება", - წერს ლანჩხუთის გვერდი.

🇬🇪ქსკ ლანჩხუთი 🆚 ქსკ როსენგარდი🇸🇪 🏆 ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი ქსკ ლანჩხუთსა და ქსკ როსენგარდს...

Posted by ქსკ ლანჩხუთი • WFC Lanchkhuti on პარასკევი, 27 ნოემბერი, 2020

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთი პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა. ჩხაიძის შეგირდებმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს - ჯერ ყაზახეთში ოკჟეტპესი დაამარცხეს (2:1), შემდეგ კი რუმინეთში კლუჟს სძლიეს (1:0) და 1/16-ფინალში გავიდნენ.

საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი შვედურ როსენგარდს 9 დეკემბერს უმასპინძლებს, 15-ში კი სტუმრად დაუპირისპირდება.

ქალთა საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთი ისტორიის წერას აგრძელებს

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა, COVID 19-ის პანდემიის გამო, ამ სეზონში შეცვლილი ფორმატით ტარდება. 2020/21 წლების ტურნირის გამარჯვებული მომავალი წლის 16 მაისს, შვედეთის ქალაქ გეტებორგში, "გამლა ულევიზე" დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება.

კომენტარები

ბოლო ამბები