Thumbnail

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრაა - ვის შეხვდება საქართველო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა!

ყატარში 2022 წელს დაგეგმილი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ციურიხში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ცერემონიას ფიფას ტურნირის დირექტორი ხაიმე იარსა უხელმძღვანელებს, მისი ასისტენტები კი ნიდერლანდებისა და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, რაფაელ ვან დერ ვაარტი და დანიელე დე როსი იქნებიან. ევროპის 55 ქვეყანა 10 ჯგუფში გადანაწილდება. შეგახსენებთ, ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 ნაკრები გადის.

წილისყრისთვის კალათები დაკომპლექტებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები, როგორც მოსალოდნელი იყო, მე-4 კალათაშია.

I კალათა - ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, ხორვატია, იტალია, გერმანია, დანია, ნიდერლანდები.

II კალათა - შვეიცარია, პოლონეთი, შვედეთი, უელსი, უკრაინა, ავსტრია, სლოვაკეთი, სერბეთი, თურქეთი, რუმინეთი.

III კალათა - რუსეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ნორვეგია, უნგრეთი, ისლანდია, შოტლანდია, ჩეხეთი, ფინეთი, საბერძნეთი. 

IV კალათა - ბოსნია და ჰერცოგოვინა, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი, ალბანეთი, საქართველო, ისრაელი, ბელარუსი, ლუქსემბურგი.

V კალათა - კვიპროსი, სომხეთი, ფარერები, ესტონეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა.

VI კალათა - მოლდოვა, მალტა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო.

შესარჩევი ციკლის წილისყრა ონლაინ-ფორმატში გაიმართება. საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება, ტრადიციულ ფორმატში ჩატარდება. მასში ხუთი 6-გუნდიანი ჯგუფი და ხუთი 5-გუნდიანი ჯგუფი იქნება, ნაკრებები კი თავ-თავიანთ ჯგუფებში მეტოქეებთან შინ და სტუმრად ითამაშებენ.  

ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს, რომელსაც 2022 წელს ყატარი უმასპინძლებს, ჯგუფების 10 გამარჯვებული მიიღებს. კიდევ 10 გუნდი, რომლებიც მეორე ადგილს დაიკავებენ, პლეი ოფში ითამაშებენ. მათ ასევე დაემატება ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებული, რეიტინგით საუკეთესო ის 2 ნაკრები, რომლებსაც მუნდიალის საგზური გარანტირებული შესარჩევი ტურნირიდან არ ექნებათ. ეს 12 გუნდი 2022 წლის მარტში სამრაუნდიან პლეი ოფს ჩაატარებს და საბოლოოდ ყატარის საგზურის კიდევ 3 ევროპული ნაკრები მიიღებს.

ყატარი მუნდიალს 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს

 

კომენტარები

ბოლო ამბები