Thumbnail

ყველამ იცის, რას ნიშნავს დიეგო მარადონა ნეაპოლისთვის. ამ სამხრეთიტალიურ ქალაქში გენიალური არგენტინელის კულტი ნამდვილად უკვდავია!

ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო აცხადებს, რომ დიეგოს ხსოვნის პატივსაცემად ტიტულის მოგება სურს. 42 წლის რინომ ამის შესახებ ევროპალიგაში რიეკასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.

“დიეგოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ყველამ ნახა, რომ მთელი ქალაქი სხვანაირად სუნთქავდა. იმედი გვაქვს, რომ მას რაღაც მნიშვნელოვანს მივუძღვნით და რომელიმე ტიტულს მოვიგებთ. ამ ქალაქში ბევრი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ,” - აღნიშნა გატუზომ.

რიეკასთან გამარჯვების შემდეგ ნაპოლი ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს (რეალ სოსიედადი და ალკმაარი 7-7 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ).

“დიეგოსთან შეხვედრისა და საუბრის ბედნიერება ბევრჯერ მქონდა. მასთან ერთად რამდენჯერე მივახშმია. მას იმდენი არაჩვეულებრივი რამ აქვს გაკეთებული, რომ ვერ ჩამოთვლი. პირად ცხოვრებაში შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ სამაგიეროდ, იმის გამო, რაც გააკეთა, ყოველთვის ცოცხალი იქნება. მარადონას ფენომენის სიკვდილი გამორიცხულია!” - დასძინა გატუზომ.

მეტი ამ თემაზე:

დიეგო არმანდო მარადონა ბუენოს აირესში ხუთშაბათს დაკრძალეს. იგი 1984-დან 1991 წლამდე ნაპოლიში თამაშობდა და სამხრეთიტალიურ კლუბს ორჯერ მოაპოვებინა ჩემპიონობა (1987 და 1990 წლებში). არც მანამდე და არც მას შემდეგ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი არ გამხდარა. მარადონასთან ერთად კლუბმა იტალიის თასი და უეფას თასიც მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები