Thumbnail
  • ესპანურმა გამოცემამ ქართველი ცენტრი სიმბოლურ გუნდში დაასახელა
  • გიორგი შერმადინს სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი აქვს

ესპანურმა Solobasket-მა ლიგა ენდესაში ფიბას სანაკრებო ფანჯრის გამოცხადებით ისარგებლა და ქვეყნის ჩემპიონატის სასტარტო ტურების სიმბოლური ხუთეული შეადგინა. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ცენტრის პოზიციაზე საუკეთესოდ იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელიც სეზონის სტარტზე ძალიან შედეგიანად თამაშობს. აი, რას წერს აღნიშნული გამოცემა:

ცენტრი: გიორგი შერმადინი (იბეროსტარ ტენერიფე)

17.1 ქულა, 5.2 მოხსნა, 2.1 პასი, 22.4 სარგებლიანობის კოეფიციენტი

ტენერიფეს ქართველი გიგანტი სეზონის სტარტის უდავო MVP გახლავთ და ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედაც სრულიად სამართლიანად დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ იბეროსტარის მთავარი მწვრთნელი ჩუს ვიდორეტა ცდილობს გუნდი მრავალფეროვნად ათამაშოს, შერმადინის როლი მაინც შეუცვლელი რჩება. ქართველი ცენტრი კვლავაც კარგად კომბინირებს მარსელინიო უერტასთან, თუმცა, ამას დამატებული, ის კარგად შეთამაშდა ბრუნო ფიტიპალდოსთანაც. მას შემდეგ, რაც ტენერიფელებს მაღალი კალათბურთელები – ტაილერ კავანო, ემირ სულეიმანოვიჩი და აარონ დორნეკამპი დაემატნენ, შერმადინს ხელ-ფეხი კიდევ უფრო გაეხსნა და თავს თავისუფლად გრძნობს. მისი დიდი დამსახურებაა, რომ იბეროსტარ ტენერიფეს სატურნირო ცხრილში მხოლოდ 1 წაგება აქვს და მადრიდის რეალის შემდეგ, მე-2 ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ქართველი კალათბურთელი ამჟამად ფინეთში ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, ილიას ზუროსის შეგირდები 28 ნოემბერს სწორედ ფინელებს გაეჯიბრებიან, 30-ში კი, შვეიცარიასთან შეხვედრაა დაგეგმილი. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს 2 მოგება აქვს და E ჯგუფის სათავეში იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები