Thumbnail
  • ცსკა 74:73 რეალი 
  • თორნიკე შენგელია: 15 ქულა, 7 მოხსნა

ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში დაძაბულ ბრძოლაში მადრიდის რეალი დაამარცხა - 74:73. ბოლო წამებზე მასპინძლები 70:71-ს აგებდა, მაგრამ მაიკ ჯეიმსმა "ენდვანით" ჩააგდო და გამარჯვება ცსკა-ს მოუტანა. ეს რუსული კლუბის მე-8 გამარჯვებაა და ის ლიდერთა შორისაა.

თორნიკე შენგელიამ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ამ სეზონში და ცსკა-ს მაისურით ზოგადად, საუკეთესო მატჩი ითამაშა - მან 15 ქულა ჩააგდო (ცსკა-ში მხოლოდ ჯეიმსს (28) ჩამორჩა). ეს შენგელიამ 27:31 წუთში მოახერხა. თორნიკეს ანგარიშზეა 7 მოხსნაც. ერთადერთი, რაც მას ნაკლებად გამოსდიოდა, სამქულიანებია - 5-დან მხოლოდ 1 ჩააგდო. 

📺 ცსკა v რეალი {მიმოხილვა]

თორნიკე შენგელია: "იმის მიუხედავად, რომ ბურთს ხშირად ვკარგავდით და ბოლოსკენ საკუთარ ფარს ვაგებდით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და იმედი არ გადაგვიწურია. ბოლოს, როცა ქულით გვიგებდნენ, მაიკმა სასწაული ბურთი ჩააგდო და მოვიგეთ. ყველამ იცის, რომ რეალი დაცვაში ძალიან ძლიერია. პირველად არ ვეთამაშებით, ასე რომ, ტაქტიკა წინასწარ გაწერილი გვქონდა. თამაშის დიდი ნაწილის განმავლობაში, ეს გეგმა "მუშაობდა". ამიტომაც, მოვიგეთ დღეს". 

მატჩის შემდეგ ცსკა-ს თავკაცმა დიმიტრის იტუდისმა სხვებთან ერთად, თორნიკე შენგელიაც შეაქო, როცა აღნიშნა, რომ მხოლოდ მაიკ ჯეიმსის დამსახურება არ არის რეალთან გამარჯვებაო. 

თორნიკე ფინეთში გაემგზავრება და ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც 28 ნოემბერს ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩში ფინეთს ეთამაშება. რაც შეეხება ევროლიგას, ცსკა მომავალ ტურში ოლიმპიაკოსს მასპინძლობს - ეს მატჩი 3 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები