Thumbnail

‘გაწყდა ჯაჭვი რომელიც იმედს მაძლევდა’ - სანდრო ცნობილაძე ფეხბურთის ღმერთზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციამ მთელი საფეხბურთო სამყარო დაამწუხრა. არ აქვს მნიშვნელობა, ქომაგობს თუ არა ადამიანი არგენტინის ნაკრებს - მარადონას სიკვდილმა ყველა შეძრა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მარადონას კულტია. დიეგოსადმი განსაკუთრებული სიყვარულით ისინი გამოირჩევიან, ვისაც ის მსოფლიო ჩემპიონატები ახსოვს, რომლებშიც დიეგო ბრწყინავდა.

‘პოპსპორტი’ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და ლეგენდარული არგენტინელის კარიერის მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტების გახსენება სთხოვა. ეს მცირე ინტერვიუები ძალიან ემოციური გამოვიდა - იმ დონეზე ემოციური, რომ საუბრის პროცესში რესპოდენტებს აზრის დალაგებაც კი უჭირდათ. 

დათო ტურაშვილის და გიორგი კეკელიძის შემდეგ, “ფეხბურთის ღმერთის” შესახებ ‘პოპსპორტში’ ყველასათვის კარგად ნაცნობი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი სანდრო ცნობილაძე საუბრობს:

სანდრო ცნობილაძე: მჯეროდა, რომ ის ისევ დიეგოს უნდა ეპოვნა

“1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა. მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩს არგენტინის ნაკრები ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან უიმედოდ აგებდა. ყველასთვის ნათელი იყო, ყველა შეგუებული იყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ტიტულს თმობდა. ლუის სესარ მენოტის გუნდის ფეხბურთელები მოედანზე უკვე მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გადაადგილდებოდნენ. რეალობას მხოლოდ მარადონა არ ეგუებოდა! საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, გაბრაზებული დიეგო მოედნის ცენტრში ბატისტას ეუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. მინდვრიდან გასვლის დროს, არგენტინელების ათიანმა ალბერტო ტარანტინის ჩაუარა. ‘ალბისელესტეს’ გამოცდილმა მცველმა მარადონას თავზე აკოცა. ჩემთვის დიეგო სწორედ ამ მომენტში დაიბადა. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ დიეგომ შეიგნო, მომავალი წლების მანძილზე, არგენტინის ნაკრების ლიდერი სწორედ იგი იქნებოდა.

იმ პერიოდში უცხოური ფეხბურთი, როგორც სატელევიზიო პროდუქტი, ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, თუ რომელიმე გუნდს საბჭოთა კავშირის რომელიმე წარმომადგენელი შეხვდებოდა. ინფორმაციას ძირითადად ბეჭდური მედიის საშუალებით ვიღებდით. უნგრული “კეპეშ სპორტი” და ჩეხური “სტადიონი” ასევე იშვიათი ფუფუნება იყო. ამ გამოცემებზე ნადირობაში, იმის იმედით, რომ სადმე მარადონას სურათს გადავაწყდებოდი, გადიოდა დღეები, კვირები, თვეები…

1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კი აფეთქება იყო. ეს აფეთქება დიეგომ მოაწყო. მაისურებზე 10 ნომრის პასტით, ან უკეთეს შემთხვევაში ფლომასტრით დაწერა ნორმა გახდა. ფეხბურთზე შეყვარებულ და არაშეყვარებულ ადამიანებს პირზე დიეგო ეკერათ. მარადონათი მოიწამლა თაობები. ჩამოყალიბდა დიეგოს კულტი. მომავალ მუნდიალამდე ოთხმა წელმა, წინა ოთხწლიან ციკლთან შედარებით, მალე გაირბინა. უკვე ხელმისაწვდომი იყო მარადონას თამაშის ამსახველი სატელევიზიო ეპიზოდები, ზოგჯერ მთლიანი თამაშები.

1990 წლის მუნდიალი იყო ბრაზილიელებისთვის ვალის დაბრუნების, იუგოსლავიასთან ვერგამოყენებული პენალტის, ნეაპოლში იტალიელების წინააღმდეგ ჩატარებული ნახევარფინალის და ფინალის შემდეგ დიეგოს ცრემლების ჩემპიონატი. წაგების და როგორც თვითონ მარადონა მიიჩნევდა, უსამართლობის გამო ატირებული ფეხბურთელი აქამდე ნანახი არ მყავდა, მაგრამ არ გამკვირვებია, რადგან ვხედავდი, რომ ჩემთან ერთად ფინალის მაყურებელი, სოლიდური ასაკის ადამიანების უმრავლესობა ცრემლებს ასევე ვერ იკავებდნენ, ხოლო ვინც იკავებდა, მათ ეს ძალიან არაბუნებრივად გამოსდიოდათ. აწ გარდაცვლილი ფიფას პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი სწორედ დიეგოს ცრემლების გამო არ მიყვარდა, ხოლო ფიფასადმი კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება 1994 წელს, მარადონასთვის ფეხბურთის თამაშის აკრძალვის გამო დამეუფლა. იმ კონკრეტულ მომენტში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემთვის დამთავრდა. გაწყდა ის ძაფი, რომელიც მე და აშშ-ში მიმდინარე საფეხბურთო მოვლენას ერთმანეთთან გვაკავშირებდა. 

2020 წლის 25 ნოემბერს კი ჯაჭვი გაწყდა. ჯაჭვი რომელიც მაძლევდა იმედს, რომ საფეხბურთო არგენტინა, რომელსაც ჩემთვის დიეგო განასახიერებდა, მომავალში ისევ აღმოაჩენდა თავის თავში მარადონას მსგავს მოთამაშეს. რატომღაც მჯეროდა, რომ ეს ვირტუალური მოთამაშე, ისევ დიეგოს უნდა ეპოვნა.”

მეტი ამ თემაზე:

დიეგო მარადონა ოთხშაბათს, გულის შეტევით, 60 წლისა გარდაიცვალა. მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო. ბუენოს აირესში სახალხო პანაშვიდები მიმდინარეობს. მისი ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეშია დასვენებული.

📺 ეპიკური კადრები - 1989 წელი, დიეგო მიუნხენში ავსტრიული ბენდის, Opus-ის ძალიან ცნობილი ჰიტის, Live is Life-ის ფონზე ხურდება

კომენტარები

ბოლო ამბები