Thumbnail

'სად იყვნენ ბოლო 12 საათი' - ადვოკატი მარადონას სიკვდილს ექიმებს აბრალებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დიეგო მარადონას ადვოკატის კომენტარი
  • მატიას მორლა საქმის გამოძიებას ითხოვს

დიეგო მარადონას ადვოკატი მატიას მორლა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალებაში სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებს. 

"აუხსნელია, მაგრამ ფაქტია ბოლო 12 საათის განმავლობაში ჩემი მეგობარი დიეგო ვერ იღებდა სამედიცინო დახმარებას იმ პერსონალისგან, რომელიც ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა. არანაირი კონტროლი მათი მხრიდან არ ხორციელდებოდა.

სასწრაფო დახმარების მანქანა ნახევარი საათის განმავლობაში მოდიოდა. ეს დანაშაულებრივი იდიოტიზმია. ამის ასე დატოვება არაფრით შეიძლება. აუცილებლად მოვითხოვ, ფაქტი ბოლომდე გამოიძიონ. როგორც დიეგო მეუბნებოდა - შენ ჩემი ჯარისკაცი ხარ, იმოქმედე შეუბრალებლად", - დაწერა ტვიტერზე მორლამ. 

მეტი ამ თემაზე:

დიეგო მარადონა ოთხშაბათს, გულის შეტევით, 60 წლისა გარდაიცვალა. მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო. ბუენოს აირესში სახალხო პანაშვიდები მიმდინარეობს. მისი ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეშია დასვენებული.

კომენტარები

ბოლო ამბები