Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატში დინამო ბათუმმა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ნიქაბაძის გოლით 74-ე წუთამდე იგებდა, საბოლოოდ 1:2 დამარცხდა. ეს "ბათუმი არენაზე" დინამოს პირველი წაგებაა და შესაბამისად, სტუმრის სტატუსით ლოკომოტივმა პირველმა მოახერხა ახალი სტადიონიდან 3 ქულის წაღება.

მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, გია გეგუჩაძემ და გიორგი ჭიაბრიშვილმა თამაში შეაფესეს.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "ტაიმი და დაახლოებით 20 წუთი უპირატესობა გვქონდა, საგოლე მომენტებიც შევქმენით, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შევძელით. ამის შემდეგ, რატომღაც ბიჭებმა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იზრუნეს, დავიწიეთ უკან, რამაც ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა. დასანანი 3 ქულა დავკარგეთ. მიზეზი ალბათ არასწორ მიდგომაში და კონცენტრაციის დაკარგვაში უნდა ვეძებოთ. რაც შეეხება საჩემპიონო ბრძოლას, ბოლომდე ვითამაშებთ და ვითარება გვიჩვენებს, რა იქნება. ჩვენდა სამწუხაროდ, გუნდში სერიოზული საკადრო პრობლემები გვქონდა და ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი მარტივად გადავიტანოთ. ვულოცავ ლოკომოტივს, ნამდვილად კარგი გუნდია. თუმცა, ვფიქრობ, რომ არა ჩვენი შეცდომები, შეიძლებოდა ეს თამაში სხვანაირად დასრულებულიყო".

გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი): "ძალიან დიდი ბრძოლა იყო, ჩემი გუნდი ბოლომდე დაიხარჯა. პირველ ტაიმში ბევრჯერ ძალიან გაგვიმართლა და ალბათ, ეს ბათუმელთა უიღბლობაა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და თუ ვინმეს უნდა გაემარჯვა, ჩვენ არა. ალბათ, უფრო ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულაა და ეს ნიშნავს, რომ სამეულში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადავდგით. რაც შეეხება ბათუმის სტადიონს: სხვა გარემოა, ფანტასტიკურია. მაყურებელი სტადიონს კიდევ უფრო გაალამაზებს."

📺 დინამო ბათუმი 1:2 ლოკომოტივი [მიმოხილვა]

დინამო ბათუმს 15 მატჩში 29 ქულა აქვს, მე-2 ადგილზეა და ლიდერ დინამო თბილისს უკვე 5 ქულით ჩამორჩება. გია გეგუჩაძის გუნდმა მომდევნო მატჩი 30 ნოემბერს, სტუმრად, სამტრედიასთან უნდა გამართოს. რაც შეეხება ლოკომოტივს: თბილისელებმა 26 ქულა დააგროვეს და მე-3 ადგილზე აღზევდნენ, მომდევნო შეხვედრაში კი, 1 დეკემბერს, ქუთასის ტორპედოს უნდა დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები