Thumbnail

პირველი მარცხი ახალ არენაზე - დინამო ბათუმმა ლოკომოტივთან წააგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმი 1:2 ლოკომოტივი
  • გოლები: 1:0 ნიქაბაძე (65), 1:1 უბილავა (74), 1:2 გავაშელიშვილი (82)

საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურის გადადებულ შეხვედრაში დინამო ბათუმმა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და ახალ სტადიონზე პირველი მარცხი განიცადა. შედეგად, გია გეგუჩაძის გუნდმა საჩემპიონო შანსი შეიმცირა - სეზონის ფინიშამდე მხოლოდ 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი და დინამო თბილისთან ჩამორჩენა 5 ქულაა. თამაში დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.

პირველ ტაიმში დინამო ბათუმი გაცილებით კარგად თამაშობდა და ანგარიშის გახსნა რამდენჯერმე შეეძლო. განსაკუთრებით მატჩის დასაწყისში, მაგრამ გიორგი ნიქაბაძისა და გიორგი მამარდაშვილის დუელებში გამარჯვებული სტუმართა მეკარე გამოვიდა. გამორჩეულად ეფექტური მე-8 წუთის ეპიზოდი იყო, როცა ნიქაბაძე მაკრატელა დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ მამარდაშვილმა დინამოს ფორვარდს ულამაზესი გოლი ფანტასტიკური სეივით წაართვა. პირველ ტაიმში მამადაშვილი კიდევ ერთხელ იყო შესანიშნავი, როდესაც ჯაბა ჯიღაურს აჯობა. 44-ე წუთზე კი დინამო ბათუმი გადაურჩა გოლს.

გოლები მე-2 ტაიმში გავიდა. 65-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილის გადაცემით გიორგი ნიქაბაძემ მცველს დაასწრო და ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა. "ბათუმი არენაზე" დინამოელთა ორივე გოლი 29 წლის ფორვარდის აქტივშია, რომელმაც წინა ტურში გორის დილასაც გაუტანა. მაგრამ, ამჯერად ნიქაბაძის გოლი გამარჯვების არ გამოდგა.

74-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს. ლოკოს მცველმა დავით უბილავამ ცარიელ კარში ადვილად გაიტანა. 8 წუთში კი მან საგოლე პასიც მიითვალა - გადამწყვეტი გოლი კი მამია გავაშელიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც მამუკა კობახიძე მოატყუა და ალავიძეს შანსი არ დაუტოვა. ამგვარად, დინამო ბათუმი ახალ სტადიონზე პირველად დამარცხდა.

ბათუმელებს 15 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვთ, მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ დინამო თბილისს 5 ქულით ჩამორჩებიან. გია გეგუჩაძის გუნდმა მომდევნო მატჩი 30 ნოემბეს, სტუმრად სამტრედიასთან უნდა გამართოს. რაც შეეხება ლოკომოტივს: თბილისელებმა 26 ქულა დააგროვეს და მე-3 ადგილზე აღზევდნენ, მომდევნო შეხვედრაში კი 1 დეკემბერს, ქუთასის ტორპედოს დაუპირისპირდებიან.

დინამო ბათუმი 1:2 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (65), 1:1 უბილავა (74), 1:2 გავაშელიშვილი (82)

დინამო ბათუმი (4-3-3): ალავიძე - მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, შერგელაშვილი - ვაგნერი (83. ჯიჯავაძე), მამუჩაშვილი, მანჯგალაძე - გაფრინდაშვილი, ნიქაბაძე, ჯიღაური (83. თევდორაძე)

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი - გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა - ძებნიაური, დარცმელია - თ. კირკიტაძე (76. კაპანაძე), სამურკასოვი (67. გავაშელიშვილი), დ. კირკიტაძე (53. იმრანი) - სიხარულიძე

კომენტარები

ბოლო ამბები