Thumbnail
  • დინამო თბილისი 2:1 ტორპედო
  • ოლები: 1:0 ქავთარაძე (64, პენ), 1:1 ფანცულაია (67), 2:1 ქავთარაძე (84-პენ)
  • დინამო თბილისმა 34 ქულა დააგროვა და ლიდერის პოზიციაზე დარჩა

საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურის გადადებული შეხვედრა დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოს შორის გაიმართა და როგორც ქართული დერბისთვისაა დამახასიათებელი, დაძაბული გამოდგა.

თუმცა, ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა და ორივე გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა - როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, ანგარიში კი 64-ე წუთზე გაიხსნა. ტორპედოს მცველმა გურამ ადამაძემ საკუთარ საჯარიმოში მეტოქე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ნოდარ ქავთარაძემ ზუსტად შეასრულა. დინამო დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებს 3 წუთი დასჭირდათ გასათანაბრებლად.

67-ე წუთზე ძალიან მაგრად ითამაშა გიორგი ფანცულაიამ, რომელმაც დრიბლინგით რამდენიმე მცველს აუარა გვერდი და როინ კვასხვაძეს შორეულ კუთხეში გაუტანა. ტორპედომ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ქულა ვერ შეინარჩუნა. 82-ე წუთზე ცარიელი კარის წინ გიორგი ჯანელიძემ დავით სხირტლაძეს ხელი უბიძგა და ბურთის გატანაში ხელი შეუშალა. შედეგად, სტუმართა კარის მიმართულებით მე-2 პენალტი დაინიშნა, რომელიც ქავთარაძემ ისევ ზუსტად დაარტყა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ პენალტის ეპიზოდში ჯანელიძემ განზრახ უხეშობისთვის წითელი ბარათიც მიიღო. 10-კაციანი ტორპედო ბრძოლაში ბოლომდე დარჩა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე ზაზა ციცქიშვილი ძალიან ახლოს იყო გატანასთან, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ასცდა.

საბოლოოდ, დინამო თბილისმა 2:1 მოიგო, 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ჩისკოს გუნდმა კალენდრის მიხედვით, მომდევნო მატჩი 30 ნოემბერს, სტუმრად საჩხერის ჩიხურასთან უნდა გამართოს. ტორპედოს კვლავ 16 ქულა აქვს, პლეი აუტის ზონაშია (მე-8 ადგილზე) და შემდეგი თამაში 1 დეკემბერს, ქუთაისში, თბილისის ლოკომოტივთან ელოდება.

დინამო თბილისი 2:1 ტორპედო

გოლები: 1:0 ქავთარაძე (64, პენ), 1:1 ფანცულაია (67), 2:1 ქავთარაძე (84, პენ)

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე - კოლუსტერი (55. პერნამბუკო), მონხილი (80. შულაია), ბენიო, კობოური - პაპავა, კუხიანიძე (61. ზარია)- იაშვილი, ქავთარაძე, ქიმაძე - სხირტლაძე

ტორპედო (3-4-2-1): შოვნაძე - ადამაძე (72. გრიგალაშვილი), გიორგაძე, მირცხულავა - ტაბატაძე, მარკოვიჩი (16. ჯანელიძე), მამასახლისი, ნადარაია - ივანიშვილი, ციცქიშვილი - ფანცულაია (81. ფანცულაია)

კომენტარები

ბოლო ამბები