Thumbnail

ნიკა ამაშუკელი: ასეთი ვარსკვლავების გარემოცვაში მსაჯობა საოცარი ემოციაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ეს იყო უდიდესი გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ'
  • ქართველი არბიტრი შოტლანდია-საფრანგეთის მატჩზე უეინ ბარნსს ეხმარებოდა

ნიკა ამაშუკელის ისტორია ლამაზ ზღაპარს გავს. 26 წლის ქართველმა რეფერიმ 2007 წელს პირველ სარაგბო მატჩს უყურა – მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსნებმა” ირლანდიას ბორდოში დიდი ბრძოლა გაუმართეს და ტურნირზე პირველი, ისტორიული ქულა მოიპოვეს (10:14). იმ მატჩს უეინ ბარნსი მსაჯობდა. გავიდა 13 წელი და მსოფლიოს საუკეთესო მსაჯის მხარდამხარ, ნიკას ელიტური დებიუტი შედგა.

“ენით აღუწერელი ემოციაა, როდესაც ასეთი ვარსკვლავების გარემოცვაში, ასეთ მსაჯთან ერთად შესანიშნავ სტადიონზე მსაჯობ. ჩემთვის, 26 წლის ქართველი ბიჭისთვის ეს სიმბოლური იყო. პირველი სარაგბო მატჩი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვუყურე, იყო 2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდია-საქართველო და ახლა, ამ დონეზე, პირველი თამაში სწორედ უეინ ბარნსთან ერთად ვიმსაჯე, რომელსაც ეს შეხვედრა ძალიან კარგად ახსოვს“ – ამბობს ამაშუკელი საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან საუბარში და განაგრძობს:

“ბარნსს გათვითცნობიერებული ქონდა, რომ ამ დონეზე პირველად ვმსაჯობდი, შეიძლებოდა წნეხის ქვეშ ვყოფილიყავი და მარტივად შემოვიდა ურთიერთობაში. უშუალობა პროფესიონალიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელია. თამაშის წინ გავიარეთ დეტალური ანალიზი. ვიმუშავეთ გუნდების სპეციფიკაზე, განვიხილეთ ყველა ნიუანსი, გვქონდა ვიდეო-გარჩევები და პრეზენტაციები. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ და გავუზიარებ ქართველ მსაჯებს. უეინს მოედანზე კარგი აურა აქვს. როგორც მოთამაშეები, მსაჯებიც უშვებენ შეცდომებს და აქაც იყო პატარ-პატარა ეპიზოდები, მაგრამ ბარნსი იმდენად კარგი მენეჯერია, რომ მის მიმართ ნდობა ძალიან დიდია”.

“შემოდგომის ერთა თასის“ მეორე რაუნდში, B ჯგუფის ფაქტობრივ ფინალში, საფრანგეთმა შოტლანდიას 22:15 სძლია. ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავლად იყვნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები:

“ამ ბიჭებს ყველაფერში ეტყობათ პროფესიონალიზმი და მათგან მსაჯების მიმართ დიდი პატივისცემა იგრძნობოდა. ეს ხდება მოედანზე და მის მიღმაც. ასეთ დონეზე ბევრი რამ სწორედ მოედანს მიღმა ხდება. მნიშვნელოვანია, რომ მსაჯმა თუ მოთამაშემ, საუკეთესოდ წარადგინო შენი ქვეყანა და საკუთარი თავი“.

ნიკა ამაშუკელმა დიდი კარიერული წინსვლა განიცადა

ამაშუკელს “მარიფილდზე“ 28 ნოემბერსაც უნდა ემსაჯა, მაგრამ ფიჯის ნაკრებში კოვიდ-ინფექციის აფეთქების გამო, შოტლანდიასთან მატჩი გაუქმდა:

“გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ეს იქნებოდა კიდევ ერთი შესანიშნავი გამოცდილება, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია და ასეთი დაუგეგმავი ცვლილებებიც გვექნება. სამწუხაროდ, მატჩის დასრულების შემდეგ მალევე მომიწია მსაჯებთან დამშვიდობება. მათ ქართული ღვინო დავუტოვე, რომელიც ძალიან მოეწონათ. ამით არაფერი სრულდება და დარწმუნებული ვარ ასეთი დონის თამაშები მომავალშიც იქნება“.

სულ მალე ნიკა ამაშუკელს ორი მაღალი დონის შეხვედრა ელის, ამჯერად საკლუბო დონეზე. ის უკვე ორი წელია ჩელენჯ ქაფის შეხვედრებს მსაჯობს და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. ქართველ რეფერის 11 დეკემბერს “ქართული დერბის“ მსაჯობა მოუწევს. შალვა მამუკაშვილის ლესთერ თაიგერსი ბრივს მასპინძლობს, რომლის შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, თედო აბჟანდაძე, ბადრი ალხაზაშვილი, სოსო ბეკოშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ვანო კარკაძე და ირაკლი ცხადაძე თამაშობენ. ერთ კვირაში, 19 დეკემბერს, ამაშუკელი ინგლისურ-უელსურ დაპირისპირებას იმსაჯებს, რომელშიც ვუსთერი ოსპრეიზს მასპინძლობს:

“ჩელენჯ ქაფზე ჩინებული გუნდები თამაშობენ და მივიღე დანიშვნა ორ შესანიშნავ შეხვედრაზე. ძალიან მალე ვიმსაჯებ შალვა მამუკაშვილის ლესთერისა და სანახევროდ ქართული ბრივის მატჩს, რომელშიც ჩვენთვის საყვარელი მორაგბეები თამაშობენ. მათთან მოედანზე შეხვედრა სასიამოვნო იქნება. ლესთერის მატჩი ერთხელ უკვე ვიმსაჯე და კლუბის წარმომადგენლებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ერთ კვირაში ინგლისურ-უელსური დაპირისპირება მელის და გახარებული ვარ, ასეთი დონის თამაშები ქართველ მსაჯს რომ ანდეს. სამწუხაროა, რომ კოვიდ-რეგულაციების გამო, ინგლისში მარტო მომიწევს წასვლა და კიდეებიდან თანამემამულეები ვერ დამეხმარებიან“.

შეგახსენებთ, რომ ამაშუკელმა 2019/2020 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის ექვსი მატჩიდან ხუთი იმსაჯა. ასევე ის იყო რეფერი 2020 წლის 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრაში: საფრანგეთი – ინგლისი და ირლანდია – უელსი, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩში და პრო 14-ში ირლანდიური მანსთერისა და სამხრეთ აფრიკული კინგსის თამაშზე. მასვე პრო დე 2-ში (ვანი-მონტობანი) დებიუტში, ხელი COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა.

კომენტარები

ბოლო ამბები