Thumbnail

ტაისონი V ჯონსი - როგორი წესებით იჩხუბებენ და რას უნდა ველოდოთ ამ ბრძოლაში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მაიკ ტაისონის დაბრუნება გულშემატკივარისთვის საკრალური მოვლენაა
  • ამ ბრძოლას საჩვენებელი ხასიათი აქვს
  • ტაისონი თავის ახალ იმიჯს და იდენტობას აჩვენებს

‘პოპსპორტზე’ ალბათ ჩემი 100-ზე მეტი სტატიაა და არცერთს არ გამოუწვევია ისეთი დისკუსიები და კრიტიკა ავტორის მისამართით, როგორც ეს მაიკ ტაისონზე სტატიის შემთხვევაში მოხდა. არადა, ამ სტატიაში თითქოს ცუდი არაფერი ეწერა - აზრი ის იყო, რომ ‘რკინის მაიკმა’ თავისი უკიდეგანო ტალანტის ბოლომდე რეალიზება ვერ შეძლო ფსიქოლოგიური პრობლემების, ცუდი აღზრდისა და ახლობელი ადამიანების დაკარგვის გამო.

წაიკითხეხულიგანი, რომელიც ვერ გახდა მეფე - რკინის მაიკის ტრაგედია

კრიტიკა არ მწყენია და არც პასუხზე მიფიქრია. უბრალოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი: მაიკ ტაისონი მისი გულშემატკივარისთვის საკრალური ამბავია. მაიკმა რამდენიმე თაობის გემოვნება განსაზღვრა. ამ ხალხმა კრივი ტაისონით შეიყვარა და მისდამი დამოკიდებულებაც რაციონალურ ანალიზს არ ექვემდებარება. რაც არ უნდა გააკეთოს მაიკმა, მისდამი დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება. ეს ერთგულება ტაისონმა რინგზე თავისი ‘პერფორმანსებით’ დაიმსახურა.

ჰოდა, ახლა, ტაისონის რინგზე დაბრუნებაც ამ ტიპის ამბავია. შესაძლოა, ამ ბრძოლაში სპორტული ელემენტი ბევრი არ იყოს, მაგრამ ‘რკინის მაიკის’ და ზოგადად კრივის გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ექნება შანსი, ტაისონის მსგავსი მოვლენა რინგზე ნახოს. გულშემატკივარს ეს ნამდვილად მოენატრა.

წესები

თავად ბრძოლის წესები ისეა შედგენილი, რომ ბრუტალურ და სისხლიან სანახაობას არ უნდა ველოდოთ. ეს საჩვენებელი ბრძოლაა, რომელშიც მებრძოლებმა თავისი კლასი და უნარები უნდა აჩვენონ - სიტყვა სიტყვით ასე წერია ამ ბრძოლისთვის გაცემულ ლიცენზიაში. მსაჯები ბრძოლას ჭრილობის, ან რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში მაშინვე შეწყვეტენ, მოკრივეებსაც სასპარინგო ხელთათმანები ეკეთებათ. დაგეგმილია მაქსიმუმ 8 რაუნდი, თითო 2-წუთიანი.

უფრო რთულად გასაგებია წესი, რომელიც მებრძოლებს ნოკაუტს უკრძალავს. ‘როგორ? ეს როგორ უნდა გააკონტროლონ?!’ - ასეთი იყო დანა უაითის გაოცებული რეაქცია, როცა მას პრესკონფერენციაზე ამ შეზღუდვის შესახებ უთხრეს.

წესების პათოსი გასაგებია. ასაკოვანი მოკრივეები აქ, უფრო კარგი გაგებით, შოუსთვის, თავისი კლასის საჩვენებლად არიან, ვიდრე ერთმანეთის სისხლის დასაღვრელად. ჯამში მათი საერთო ასაკი 105 წელია და ერთად მათ 133 ბრძოლა აქვთ ჩატარებული.

როი ჯონს უმცროსი თავადაც ტაისონის თაობის მებრძოლია. მისი კარიერა 29 წელს ითვლიდა და ამ დროის განმავლობაში ჯონსმა საჩემპიონო ქამარი ოთხ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა. უცნაური თუ უნიკალური ის არის, რომ ჯონსის პირველი ჩემპიონობა სულაც მსუბუქი საშუალო წონით თარიღდება და ამის შემდეგ ის ეტაპობრივად მძიმე წონამდე მივიდა. კრივის სამყაროსთვის ეს ერთადერთი შემთხვევაა. ჯონსი ტაისონის სიმაღლეა და წონის კლება-მატების მიხედვით რეალურად ბევრ წონაში ბრძოლას ახერხებს. მას მაიკთან ერთი უპირატესობაც აქვს - ბოლო პროფესიული ბრძოლა მან სულ რაღაც 2 წლის წინ გამართა. ანუ საბრძოლო პრაქტიკა თითქოს ჯონსს უფრო აქვს. 

ის მოკრივესთან ერთად რეპერი და მსახიობია. 10 ფილმს შორის მან როლები 'ეშმაკის ადვოკატში' და 'მატრიცას' გაგრძელებაში აქვს ნათამაშები. მოკლედ, ტაისონს უსახელო კაცი არ ხვდება. როი ჯონსს თავისი რეპუტაცია კრივის სამყაროშიც აქვს მოპოვებული და მის ფარგლებს მიღმაც.

დეტალურ სტატისტიკას არ მოვიყვან. ისევ და ისევ, ეს უფრო მეტად შანსია, რომ გულშემატკივარმა თავისი მონატრებული ლეგენდები რინგზე კიდევ ერთხელ ნახოს, ვიდრე ბრძოლა, რომელშიც ტაქტიკას და სტატისტიკას რაიმე მნიშვნელობა აქვს.

სხვა ტაისონი

ტაისონისთის ამ ბრძოლას სხვა მნიშვნელობაც აქვს. ფინანსური და მარკეტინგული მხარის გარდა, ტაისონს ბოლო წლებია, ერთი ხაზი აქვს - ის თავის დაშვებულ შეცდომებს და ცხოვრების არაჯანსაღ წესს თითქოს სახალხოდ ნანობს. მაიკმა ბოლო პერიოდში თითქოს თავისი თავი, შინაგანი სიმშვიდე თავიდან იპოვა. ის სისტემატიურად ვარჯიშობს და თავისი ასაკის ფონზე ნამდვილად ძალიან კარგ ფორმაშია. მისი ინტერვიუებიც სხვანაირად გამოიყურება - დალაგებული, ‘დამჯდარი’ კაცი ლაპარაკობს - თავისი ძლიერი მხარეები თუ შეცდომები ყველაზე უკეთ რომ ესმის და იცის, ისეთი.

ახლა მას სურს, რომ ეს ყველაფერი გულშემატკივარს აჩვენოს - როგორია მაიკ ტაისონი სტრესის და უსიამოვნებების გარეშე. უკვე ასაკში, მაგრამ მაინც, ის თავის ახალ იდენტობას, ახალ იმიჯს ქმნის. ეს ბრძოლაც ამ იდენტობის ნაწილია.

გულშემატკივარი კი ძველ დროს გაიხსენებს და მონატრებულ ლეგენდას ნახავს.

კომენტარები

ბოლო ამბები