Thumbnail

შილტონი მარადონას ღმერთის ხელით გატანილ ბურთს სიკვდილის მერეც არ პატიობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დიეგო მარადონას გარდაცვალებას პიტერ შილტონიც გამოეხმაურა
  • მას დღემდე სტკივა “ღმერთის ხელით” გატანილი ბურთი
  • ინგლისელი ამბობს, რომ დიეგოს ბოდიში არასდროს მოუხდია

დიეგო მარადონას გარდაცვალებას ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე პიტერ შილტონიც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს უკანასკნელი იცავდა ინგლისის ნაკრების კარს მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში. შილტონი ამბობს, რომ ე.წ. “ღმერთის ხელით” გატანილი ბურთით მიყენებული ტკივილი მას დღემდე არ განელებია.

“დამწუხრებული ვარ მისი ასეთ ასაკში გარდაცვალების გამო. დიეგო უეჭველად უდიდესი ფეხბურთელი იყო მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია,” - წერს შილტონი Daily Mail-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. 71 წლის ინგლისელი იქვე დასძენს, რომ დიეგოს “ღმერთის ხელით” გატანილი ბურთის გამო ბოდიში არასდროს მოუხდია.

'არასდროს უთქვამს, რომ ითაღლითა და რომ ამის გამო წუხდა. ამის ნაცვლად, მომხდარს ღმერთის ხელით გატანილი ბურთი დაარქვა'

“მას ჰქონდა სიდიდე და სიდიადე თავის თავში, მაგრამ სამწუხაროდ, სპორტული პრინციპების ერთგული არ იყო. მე ის არ მომწონს, რომ მას ბოდიში არასდროს მოუხდია. არასდროს უთქვამს, რომ ითაღლითა და რომ ამის გამო წუხდა. ამის ნაცვლად, მომხდარს ღმერთის ხელით გატანილი ბურთი დაარქვა. ეს არ იყო სწორი საქციელი,” - წერს შილტონი.

1986 წლის 22 ივნისს, არგენტინამ ინგლისის ნაკრები 2:1 დაამარცხა. მარადონამ დუბლი შეასრულა - მისი ორივე გოლი ისტორიული და უნიკალურია - ერთზე უკვე წაიკითხეთ, მეორე კი საუკუნის გოლადაა შერაცხული.

ისინი არასდროს შერიგებულან: “წლების განმავლობაში იყო რამდენიმე მცდელობა, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ნაბიჯს სიამოვნებით გადავდგამდი, თუკი მეცოდინებოდა, რომ დიეგო ბოდიშს მოიხდიდა. მე მას ხელს ჩამოვართმევდი. მაგრამ ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მარადონა ბოდიშის მოხდას აპირებდა.” - წერს შილტონი.

მეტი ამ თემაზე:

დიეგო მარადონა ოთხშაბათს, გულის შეტევით, 60 წლისა გარდაიცვალა. მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძვოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო. ბუენოს აირესში სახალხო პანაშვიდები მიმდინარეობს. მისი ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეშია დასვენებული.

📺 ეპიკური კადრები - 1989 წელი, დიეგო მიუნხენში ავსტრიული ბენდის, Opus-ის ძალიან ცნობილი ჰიტის, Live is Life-ის ფონზე ხურდება

კომენტარები

ბოლო ამბები