Thumbnail

შოთა არველაძე: ტრაბზონს უარი ვუთხარი, ბარსელონაში კი არავინ მეძახის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე, რომელიც ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელია, საქართველოს პირველი არხის სპორტილ გადაცემაში “ტაიმაიუტი” ჩაერთო და მის გეგმებზე ისაუბრა. არველაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება არ სურს, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

“ნამდვილად ძალიან მინდა, რომ ბარსელონამ დამიძახოს... ახლა, კუმანს ვინც ჰყავს თანაშემწე – ალფრედ შროიდერი, სხვათა შორის, აჩის ძალიან ახლო მეგობარია, ისინი ერთად თამაშობდნენ, ის საკმაოდ კარგ გუნდებში მუშაობდა. იყო აიაქსში პიტერ ბოშთან, შემდეგ კი, საერთოდაც ჰოფენჰაიმის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ეს კაცი დაახლოებით 10 დღით ადრე მირეკავს, სანამ ბარსელონაში კუმანთან წავიდოდა და მეუბნება, “ანკარაში ვარ ჩამოსული და ანკარაგიუჯუზე რას მეტყვიო?”. ვუთხარი, ალფრედ, გააფრინე-თქო? კაცი ჰოფენჰაიმს წვრთნიდი და ბუნდესლიგაში მე-6 ადგილზე გახვედი და რა გეჩქარება, დაიცადე, მანდ არეულობაა მეთქი. მეუბნება, არადა, დამათვალიერებინეს აქ რაღაცეები და კარგი კლუბი სჩანსო. მაინც დავარწმუნე, არ ეჩქარა და 10 დღეში დამირეკა ისევ და მითხრა, კუმანმა ბარსელონაში თავის მოადგილედ წამიყვანაო... სამწუხაროდ, არც მოადგილედ მივყავარ არავის ასეთ კლუბში და არც არაფრად. 5 დიდი ქვეყნის კლუბებზე ვსაუბრობ, თორემ იგივე ჰოლანდიიდან მქონდა წინადებები და თურქეთიდან კიდევ ეს სულ იყო... სხვათა შორის, ტრაბზონსპორზე თავად განვაცხადე უარი, იმიტომ, რომ ვერ ლაგდებიან და ყაყანია და სულ ჩხუბი და უბედურებაა. ახლა, მაგალითად, გუშინ დამირეკეს პორტუგალიასა და ესპანეთზე და აი, ვნახოთ, მეც ძალიან მინდა. უბრალოდ არ მსურს, რომ სანამ ესპანეთი და გერმანია ან თუნდაც ბრაზილია და არგენტინა დაგიძახებს, მანამდე გავჩერდე და არ ვიმუშავო, ხომ ცხადია, რომ საქმეში მეტ გამოცდილებას იძენ და უკეთესი მწვრთნელი ხდები. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას, ეს არ მინდა. ჩემი ნერვიულობა ჯანდაბას და არ მსურს, რომ ჩემს ირგვლივ ისე ინერვიულონ, რომ დაიხოცნონ ყველა თამაშზე და მის შემდეგ. არ მიღირს და რა გავაკეთო?”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა სამწვრთნელო საქმიანობა 2008 წელს, ალკმაარში, ლუი ვან გაალის თანაშემწედ დაიწყო, შემდეგ კი უკვე მთავარ მწვრთნელად თურქეთში იმუშავა – კაისერისპორში, კასიმფაშასა და ტრაბზონსპორში, ასევე – თელ-ავივის მაქაბიში.

კომენტარები

ბოლო ამბები