Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი ყველა კომპონენტში რეგრესირებს
  • გვარდიოლას თავისი მიზეზები აქვს, რატომ არ რჩება დიდხანს ერთ გუნდში
  • სიტიში მას ახალი ციკლის დაწყება მოუწევს
  • ეს სეზონი მანჩესტერელებისთვის გარდამავალი იქნება

გვარდიოლა ყოველთვის ამბობდა, რომ ის თავის გუნდებში 3-4 სეზონზე დიდხანს არ რჩება. ასე მოიქცა ბარსელონაშიც და ბაიერნშიც. პეპს თავისი ლოგიკა აქვს. თუმცა გვარდიოლა ახალ გზაზეა. პეპის ახალი კონტრაქტი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლა დინების წინააღმდეგ მიდის - ანუ, თავისივე სამუშაო პრინციპებს ეწინააღმდეგება. შედეგად, სიტის კრიზისული შემოდგომა აქვს.

რა არის გვარდიოლას და მისი გუნდის მთავარი პრობლემა? რამდენად ღრმაა სიტის კრიზისი და რა გამოსავალი აქვს პეპს?

კრიზისი ყველა დონეზე

შარშან, მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგაში 9 თამაში წააგო და ლიდერ ლივერპულს 18 ქულით ჩამორჩა. ამას დაემატა ჩემპიონთა ლიგაში ლიონთან გავარდნა. ამის მიუხედავად, გვარდიოლა ყველას უმტკიცებდა, რომ სიტის თამაშში ხარისხობრივი კლება არ შეინიშნებოდა: გუნდს ძველებულად კარგად გაჰქონდა ბურთები (102 გოლი სეზონი) და ძველებურად აკონტროლებდა თამაშს, ეს სხვაობა კი მხოლოდ ცალკეული ჩავარდნილი თამაშების, ცუდი რეალიზაციის და არგამართლების ბრალი იყო.

ეს თავის მართლება არ ყოფილა, გვარდიოლა დიდწილად მართალი გახლდათ. სტატისტიკა ამას ადასტურებდა. აი, წელს კი საქმე ბევრად უფრო რთულადაა. სიტის 8 თამაშში მხოლოდ 10 გოლი აქვს გატანილი და ბურთების უარყოფითი სხვაობით პრემიერლიგის ცხრილის მეორე ნახევარშია.

თუკი ორი ფენომენალური სეზონის (ზედიზედ ორი ჩემპიონობა, სეზონში საშუალოდ 99 გოლი და 100 ქულა) ფონზე შარშანდელი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა, წელს ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა. ამას გატანილი და გაშვებული გოლების გარდა სხვა ტიპის დეტალური სტატისტიკაც ადასტურებს, რასაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვნახავთ.

გვარდიოლას ფაქტორი

იმისთვის, რომ სიტის კრიზისის მიზეზები კარგად გავიგოთ, უნდა გვახსოვდეს, რა ტიპის მწვრთნელია პეპ გვარდიოლა.

მისი კონცეფცია გუნდში ყველაზე მეტი 3-4 სეზონით დარჩენის შესახებ ლოგიკურ გათვლებს ეფუძნება და მხოლოდ ემოციური ფაქტორებით არ უნდა აიხსნას.

პეპთან მუშაობა რთულია - ეს ბევრ ფიზიკურ და, პირველ რიგში, ემოციურ ენერგიასთან არის დაკავშირებული. გვარდიოლას ხასიათი და მუშაობის სტილი ყველაზე უკეთ მის შესახებ დაწერილ წიგნში გილემ ბალაგეს, თავადაც გვარდიოლას ახლო მეგობარს, აქვს აღწერილი. პეპი გენიოსია, მაგრამ ძალიან დამღლელი ადამიანი. ის ყველა დეტალს მანიაკალურად ამუშავებს. ისეთ დეტალებსაც კი, როგორებსაც სტანდარტული გულშემატკივარი თამაშის დროს საერთოდ ვერ ამჩნევს. ბალაგე იმასაც აღწერს, რომ გვარდიოლას ე.წ. ნახევარსაათიანი წესი აქვს. ანუ, სადაც არ უნდა იყოს და რა თემაზეც არ უნდა ლაპარაკობდეს, მაქსიმუმ ნახევარ საათში ის ფეხბურთზე ლაპარაკს იწყებს. პეპი ფეხბურთზე უბრალოდ შეშლილია. მისმა ახლობლებმა ეს კარგად იციან.

გვარდიოლა ამავე დროს დოგმატიკოსია - მის გუნდებში ფეხბურთს ისე თამაშობენ, როგორც ამას თავად პეპი ხედავს. მოკლედ, მასთან მუშაობა რთულია, ის თავადაც ბევრ მენტალურ ენერგია ხარჯავს და მოთამაშეებისგანაც ბევრს ითხოვს. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბარსელონაში 4-წლიანი პერიოდის შემდეგ ის ნიუ იორკში აბსოლუტურად გადაღლილი, მთელ გარე სამყაროს ემალებოდა. სწორედ ამიტომ, მასთან მუშაობა ხშირად დიდ ფეხბურთელებს არ გამოსდით - სამუელ ეტო’ო, იბრაჰიმოვიჩი და იაია ტურე ამას დაადასტურებენ.

პეპის 3-4-წლიანი ციკლიც ამას ეფუძნება. ამის შემდეგ უბრალოდ გუნდიც იღლება და გვარდიოლაც. რა არის გვარდიოლას თამაშის ორი მთავარი კომპონენტი? - პრესინგი და ბურთის გათამაშება. პრესინგს ენთუზიაზმი, მოტივაცია სჭირდება - გუნდს უბურთოდ ბევრი სირბილი უწევს. თუკი გუნდს თავისი მწვრთნელის არ სჯერა და ენთუზიაზმი არ აქვს, ეს პრესინგის დროს აუცილებლად აისახება. დეტალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ სიტიმ პრესინგს ამ სეზონში საგრძნობლად მოუკლო.

ამ სეზონში სიტის მეტოქე გუნდები თავიანთ ნახევარზე ორი გადაცემით მეტს ასრულებენ, ვიდრე შარშან - ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დამატებით 4-5 წამი აქვთ. სიტი თავს პრესინგით იცავს, თუკი მეტოქე მის პრესინგს სცდება, მაშინ მის ნახევარზე ბევრ თავისუფალ სივრცეს ნახულობს კონტრშეტევისთვის.

როგორც ვხედავთ, სიტის მიერ გაშვებული გოლები პირდაპირ კავშირშია, რამდენად ეფექტურია გვარდიოლას გუნდის პრესინგი. ყოველ წელს პეპის გუნდი უფრო და უფრო ნაკლებად აგრესიულად აპრესინგებს, მეტოქეებსაც მეტი გოლი გააქვთ. სისტემა და მოთამაშეები არ შეცვლილა, თუმცა ყოველ სეზონში ენთუზიაზმის, მოტივაციის ხარისხი კლებულობს იმ ტიპის რუტინული სამუშაოსადმი, რასაც უბურთოდ ბევრი სირბილი გულისხმობს.

ამ სეზონში გაუარესდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სათამაშო კომპონენტი - ბურთის ფლობის ხარისხი.

სიტის სტილი არ შეუცვლია, კვლავ თამაშის დიდი ნაწილი ფლობს ბურთს, ზუსტი გადაცემების მაჩვენებელიც ბოლო სამი წელია სტაბილურ 88-90 პროცენტში ტრიალებს, თუმცა ამ სეზონში გადაცემების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიკლო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბურთი სიტის აქვს, მაგრამ უფრო ნელა მოძრაობს. ტემპი, რიტმი დავარდა! ანუ, მეტოქეებს დაცვაში ბევრად მეტი დრო აქვთ და ეს აისახება კიდეც სიტის შეტევაზე.


სიტის კრიზისი შეტევაში შემთხვევითობა არ არის. გვარდიოლას გუნდი უფრო ნაკლებ მომენტს ქმნის და უფრო იშვიათად ურტყამს კარში. სიტის წლევანდელი ცუდი სტარტი და დაბალშედეგიანი თამაშები მხოლოდ არგამართლებით და ცუდი რეალიზაციით ვერ აიხსნება.

ხარისხობრივი ვარდნა

‘ეს შიშის ფაქტორიცაა. სიტის ბოლო წლებში შეტევაში სანე, აგუერო და სტერლინგი ჰყავდა, დღეს მაჰრეზი-ჟეზუში-ტორესის სამეულით უტევს. ეს შემტევები მეტოქე გუნდს თავზარს ვერ სცემენ’ - ასეთი კომენტარი გააკეთა სიტის ყოფილმა მცველმა მიკა რიჩარდსმა სტუდიაში ტოტენჰემთან მარცხის შემდეგ. რიჩარდსი მართალია. მაგალითად, ამ თამაშში შეტევაში გარანტირებულად მეტოქეს უფრო მეტი ხარისხი ჰქონდა - ჰარი კეინის კლასის თავდასხმელი ‘ქალაქელებს’ მოედანზე არ ჰყოლიათ.

სიტი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კლუბია, თუმცა ამის მიუხედავად, მანჩესტერელებსაც კი უწევთ იმ პრობლემასთან დაპირისპირება, რომ სუპერკლუბებისთვის ხარისხიანი ფეხბურთელების ბაზარზე მოძებნა იოლი არ არის.

სერხიო აგუერო, სიტის ისტორიაში ალბათ საუკეთესო შემტევი, უკვე ასაკშია, მიკროტრავმები აწუხებს და გუნდში ბოლო სეზონს თამაშობს. არგენტინელს კონტრაქტი უმთავრდება. მისი შემცვლელი გაბრიელ ჟეზუში აგუეროს დონეზე ნამდვილად ვერ გამოიყურება.

დავიდ სილვა წლების მანძილზე სიტის ლიდერი იყო, თუმცა ესპანელის უშუალო შემცვლელი კლუბმა ჯერაც ვერ იპოვა. შეტევით ფაზაში ხარისხობრივი ვარდნა აისახება როგორც შექმნილი მომენტების, ასევე დარტყმების ხარისხზე. სიტის შემტევები ყოველწლიურად უფრო დაბალი პროცენტით ახვედრებენ მეტოქის კარში.

ეს ხარისხობრივი პრობლემაცაა. მაგალითად, აგუეროს რეალიზაციის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე გაბრიელ ჟეზუშის.

ბოლო წლებში სიტიმ დაცვის ხაზი რამდენიმე დიდი ტრანსფერით გააძლიერა, თუმცა ამის მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ მათი რომელიმე ცენტრალური მცველი საუკეთესო ევროპელი მცველების თუნდაც TOP 20-ში შედის. კომპანის კლასის და კალიბრის უკანახაზელი სიტიმ ვეღარ იპოვა.

ფერნანდინიო როდრიმ შეცვალა, რომელიც ბურთის გათამაშებაში ბრაზილიელზე ბევრად უკეთესია, თუმცა დაცვით კომპონენტებში მას აშკარად ჩამოუვარდება. ფერნანდინიო თავისი სიხისტით და ათლეტიზმით ძალიან კარგად აზღვევდა შეტევაში წასულ თანაგუნდელებს და აკონტროლებდა ღია დარჩენილ სივრცეებს. როდრი ბევრად უფრო სტატიკურია - თითქმის არ მიდის ვარდნებში და ნაკლებად ეხერხება ორთაბრძოლები. ესპანელი უფრო ნაკლებ სივრცეს ფარავს და აკონტროლებს.

შედეგად, იმ პირობებში, როცა სიტის პრესინგის ინტენსიურობამ მოიკლო, როდრი სულ უფრო და უფრო ხშირად რჩება ღია სივრცეში მეტოქის კონტრშეტევების წინააღმდეგ. ეს საქმე კი მას არცთუ ისე კარგად გამოსდის. შედეგად, სიტი ბევრად მეტ გოლს უშვებს, ვიდრე თავის საუკეთესო სეზონებში უშვებდა.

მოკლედ, სიტის საკვანძო პოზიციებზე თავისი ყოფილი ლიდერების შეცვლა უჭირს. მეტიც, კოლოსალური ბიუჯეტის მიუხედავად სიტის შემადგენლობაში ბოლო ორი სეზონია, მხოლოდ კევინ დე ბრუინი გამოიყურება მსოფლიო კლასის მოთამაშედ.

რა უნდა ქნას გვარდიოლამ

პეპი ამ სეზონში იმ სიტუაციაშია, რასაც კატალონელი ყველაზე მეტად უფრთხოდა და თავს არიდებდა. ამ ფორმაციის სიტიმ თითქოს ამოწურა განვითარების ერთი ეტაპი - გუნდმა დაკარგა ენთუზიაზმი, ყველა ძირითად სათამაშო კომპონენტში რეგრესირებს და ძველი ლიდერები ასაკში შედიან ან გუნდიდან უკვე წავიდნენ.

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ სიტი პრემიერლიგის ცხრილის მეორე ნახევარში დარჩება. ამ გუნდს თავისი კლასი არ დაუკარგავს და თამაშს და შედეგებს აუცილებლად გააუმჯობესებს. ეს მხოლოდ დროის ამბავია. თუმცა, ხარისხობრივად იმ დონეზე ასვლა გაუჭირდება, რა ფეხბურთსაც გვარდიოლას გუნდი 2-3 სეზონის წინ თამაშობდა. პეპის ლოგიკით მას ამ სეზონის შემდეგ გუნდი უნდა შეეცვალა, თუმცა მან ახლებური გზა აირჩია და დარჩა.

პეპის ახალი კონტრაქტი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ზაფხულს სიტი ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და გუნდის საფუძვლიანად განახლებას შეეცდება. გვარდიოლასთვის ეს ახალი გამოცდილება იქნება - თავისივე გუნდი მას ჯერ არ დაუშლია და თავიდან არ აუწყვია. გულშემატკივრისთვის საინტერესო იქნება,  თუ როგორ გაართმევს თავს პეპი ამ ამოცანას. ფაქტია, რომ სიტისაც და გვარდიოლასაც თავისი განვითარების ახალ საფეხურთზე მოუწევთ გადასვლა. ეს სეზონი კი დიდი ალბათობით გარდამავალი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები