Thumbnail

დიეგო მარადონას ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეში გადაასვენეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

დიეგო მარადონას ცხედარი არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში გადაასვენეს. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, Casa Rosada-ს წინ ასობით ადამიანი გამთენიისას შეიკრიბა. ისინი დიეგოს სახელს სკანდირებდნენ. როგორც იცით, ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო არმანდო მარადონა ოთხშაბათს, გულის შეტევით, 60 წლისა გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, სახალხო პანაშვიდი ბუენოს აირესის დროით დილის 6 საათზე (თბილისის დროით, 13:00) დაიწყება. დიეგოს ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეში სამი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული. მანამდე, არგენტინის მთავრობამ დიეგოს გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა მიიღო, რომელიც დიეგოს გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა: "როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, ვმუშაობდი. საუბარი მიჭირს და სიცარიელეს ვგრძნობ. ეს ყველაზე ცუდი ამბავია, რომელიც შეიძლებოდა არხენტინოს ხუნიორსის ფანს შეიძლებოდა გაეგო. ჩვენ ის გვიყვარს. ვცდილობთ მის ოჯახთან დაკავშირებას. ეს უდიდესი დანაკარგია".

ლეგენდარული არგენტინელი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაპოლისა და არგენტინის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფებოდა, გული გაუჩერდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედიკოსებმა დიეგოს გადარჩენა ვერ მოახერხეს.

შუაღამესვე, სასახლეში მარადონას ყოფილი მეუღლე კლაუდია ვილაფანე და მისი ქალიშვილები, დალმა და ჯანინა მივიდნენ. მოგვიანებით, მათ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია და დიეგოს ყოფილი თანაგუნდელები შეუერთდნენ.

მეტი ამ თემაზე:

დიეგო მარადონას სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძვოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო.

📺 ეპიკური კადრები - 1989 წელი, დიეგო მიუნხენში ავსტრიული ბენდის, Opus-ის ძალიან ცნობილი ჰიტის, Live is Life-ის ფონზე ხურდება

კომენტარები

ბოლო ამბები