Thumbnail

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ თად მაკფადენს ფინეთში ჩასვლის შემდეგ, კორონავირუსი აღმოაჩნდა, დადასტურდა, თუმცა, საბედნიეროდ, მისი განმეორებითი ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა და ის მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას შესძლებს. აღნიშნულის თაობაზე განცხადებას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს:

“საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპოოს არენაზე მეორედ ივარჯიშა. დილის 11 საათზე დაგეგმილი ვარჯიში გაუქმდა, რადგან ჩამოსვლის დღეს COVID 19-ზე ჩატარებული ტესტებიდან თად მაკფადენს პოზიტიური დაუფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელ უკანახაზელს კორონავირუსი გადატანილი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ ესპანურ კლუბ ბურგოსში არაერთი ტესტიც ჩაიტარა და მატჩებიც ითამაშა, თუმცა ვირუსის ამოუცნობი ბუნებისა თუ გუშინდელი ტესტირების ხარვეზის გამო, მაკფადენს ორი, საქართველოს ნაკრებს კი ერთი ვარჯიში გაუცდა.

ილიას ზუროსის ნაკრებს გარკვეული პრობლემები შეექმნა
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მაკფადენს დილას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და სანამ პასუხი მოვიდოდა, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა, ქართული დელეგაცია სასტუმროში, მკაცრი კარანტინის პირობებში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ “ბაბლის” ორგანიზატორი ფიბა-ა, COVID 19-თან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას ადგილობრივი, ამ შემთხვევაში ფინეთის შესაბამისი სამედიცინო უწყება იღებს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მჭიდრო კომუნიკაციაში იყო ფინეთში საქართველოს საელჩოსთან და გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის დიდ მადლობას უხდის ფინეთში საქართველოს ელჩს ბატონ მალხაზ კაკაბაძესა და დესპანს, ბატონ თორნიკე ნოზაძეს.

საქართველოს ნაკრებს ვარჯიშის უფლება საღამოს დართეს, სანამ მაკფადენის განმეორებითი ტესტის პასუხი მოვიდოდა, რის გამოც ილიას ზუროსის გუნდმა ნატურალიზებული ამერიკელის გარეშე ივარჯიშა. მაკფადენი მაღალი დონის პროფესიონალია და ზუროსის მიერ შემუშავებულ კომბინაციებს ალღოს კარგად უღებს. დღევანდელ ვარჯიშზე უფრო ის ახალბედები და ახალგაზრდები დაიტვირთნენ, რომლებსაც ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ აქვთ და მომავალი თამაშებისთვის ნაკრების სტაჟიან წევრებთან უნდა შეთამაშდნენ. თუ არ ჩავთვლით მცირე მოთელვას, ვარჯიში თითქმის სრულად მთელს მოედანზე თამაშსა და კომბინაციების სრულყოფას დაეთმო. ილიას ზუროსი მითითებებს ზომიერად იძლეოდა და მთლიანობაში, საქართველოს ნაკრების საღამოს ვარჯიში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. 26 ნოემბერს, თამაშამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კვლავ 2 ვარჯიში დაგეგმა”.

გიორგი შერმადინი ფინეთში ვარჯიშისას
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

აქვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის გიორგი შერმადინის კომენტარიც:

“საქართველოს ნაკრები მეორე დღეა, ფინეთშია. ვვარჯიშობთ ესპოოს დარბაზში, სადაც 28 და 30 ნოემბერს ფინეთსა და შვეიცარიას ვეთამაშებით. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვართ და საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს აქვს დაგეგმილი. ველოდებით თორნიკე შენგელიას, რომელიც პირველი თამაშის წინა დღეს შემოგვიერთდება. 28-ში კი სრული ძალებით შევებრძოლებით ფინელებს. ჩვენს პირველ მეტოქეს, ფინეთს კარგი მსროლელები ჰყავს. ჩემი თანაგუნდელია სასუ სალინი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატშიც ერთ-ერთ გამორჩეულ მსროლელად ითვლება. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება სწრაფი ფინელების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა. რაც შეიძლება ნაკლები სივრცე უნდა დავუტოვოთ სამქულიანების სასროლად”.

საქართველოს ნაკრები 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, 30-ში კი, შვეიცარიასთან თამაშია დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, თუმცა, მაინც სასიამოვნოა, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე დამარცხებული ჰყავთ ხსენებული შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და E ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები