Thumbnail
  • გიორგი გაგუა ალავესის მეორე გუნდის ერთ-ერთ ლიდერია
  • მან პოპსპორტის კითხვებს უპასუხა

გიორგი გაგუა ალავესის მეორე გუნდის ფეხბურთელია. ქართველ შემტევს მესამე გუნდში უნდა ეთამაშა, თუმცა მეორე გუნდში ჩატარებული რამდენიმე კარგი თამაშის გამო ის ალავეს B-ში დატოვეს, სადაც უკვე მოახერხა გოლის გატანა და საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. 19 წლის ქართველმა ფორვარდმა რეალ უნიონს გაუტანა და საგოლე პასიც ამ გუნდთან შეასრულა.

ქართველ შემტევს ვიტორიაში დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით. საინტერესოა, თუ როგორ დაიმკვიდრა მან თავი ალავესში, რას ფიქრობს ეროვნული ნაკრების გამოსვლაზე და რომელ ევროპულ ლიგაში ისურვებდა თამაშს.

Popsport: გიორგი, როგორ აღმოჩნდი ალავესში? ესპანეთში წასვლამდე რომელ ქართულ გუნდში თამაშობდი ფეხბურთს?

გიორგი გაგუა: ესპანეთში წასვლამდე იბერია 2010-ში ვთამაშობდი გუბაზ დოლიძესთან. კარგი მწვრთნელია და მასთან ვემზადებოდი. ბასკონიას საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან აქვს კონტრაქტი. ისინი ყოველ წელს კემპს აწყობენ და რამდენიმე კალათბურთელი ესპანეთში მიჰყავთ. ხესუს ვასკესი არის ის კაცი, ვინც ამას აკეთებს. მან ჩემი ვიდეო ნახა და 2017 წელს ესპანეთში პირველად ჩამოვედი. მათ ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადა მომცეს, რის შემდეგაც გუნდში დარჩენაც შევძელი.

Popsport: უკვე დიდი ხანია, ესპანეთში ცხოვრობ. ყველაზე მეტად რასთან შეგუება გაგიჭირდა?

გიორგი გაგუა: როცა გავიგე, რომ ესპანეთში უნდა ჩამოვსულიყავი, ესპანურის სწავლა დავიწყე. აქ კი გუნდელები და ის ქართველი კალათბურთელები დამეხმარნენ, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობ. გუნდის მოთხოვნით, კვირაში 2-ჯერ ენის სკოლაში დავდივარ. ცხადია, რომ პრაქტიკაში ენის სწავლას კიდევ უფრო მარტივად ვახერხებ.

📺 გიორგი გაგუას საგოლე პასი რეალ უნიონთან


Popsport: ალავესის ასაკობრივი გუნდიდან მეორე გუნდში დაგაწინაურეს. რა გზა გაიარე მეორე გუნდამდე?

გიორგი გაგუა: ასაკობრივ გუნდში ყოფნისას რამდენჯერმე მეორე გუნდთან ერთად ვივარჯიშე. მწვრთნელს თავიდან მარჯვენა მცველი ვეგონე. როცა ვუთხარი, რომ ამ პოზიციაზე არ ვთამაშობდი, მკითხეს, აქამდე რატომ არ გვითხარიო. არადა, მანამდეც ვუთხარი, რომ თავდამსხმელი ვიყავი. ასაკობრივი გუნდის მწვრთნელს მარჯვენა მცველი სჭირდებოდა და იქ მათამაშეს. იმ სეზონში 10-ქულიდან 8 დამიწერეს. 2020 წლის იანვარში რეალ სოსიედადთან ვითამაშე პირველი შეხვედრა - ბოლო წუთზე მყესი გავიწყვიტე, მერე პანდემიაც დაიწყო და გამოჯანმრთელებაც მოვასწარი. თავიდან მესამე გუნდში უნდა მეთამაშა, მაგრამ მეორე გუნდში 4 ამხანაგურ შეხვედრაში ორი გოლი გავიტანე და ჩემი მეორე გუნდში დატოვება გადაწყვიტეს.

Popsport: პირველი გუნდის ფეხბურთელებიდან ვინმეს თუ იცნობ? შეხვედრა თუ გიწევთ ერთმანეთთან?

გიორგი გაგუა: პირველ გუნდში ახლა ორი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ: ბორხა საინსი და ხავი ლოპესი. ისე პატარა ქალაქია და კორონავირუსის პანდემიამდე ხშირად ვხვდებოდი.

Popsport: შენ როგორ ფიქრობ, რამდენად მოახდინა ესპანეთმა შენს კარიერულ განვითარებაზე გავლენა?

გიორგი გაგუა: ძალიან ბევრი ვისწავლე. მარტო ფეხბურთზე არ ვსაუბრობ - კვება, ცხოვრების წესი, ძილი. დამატებით ინდივიდუალური ვარჯიშები გვაქვს, ბურთთან ცალკე ვვარჯიშობთ და ხშირად ვუყურებთ ვიდეოებს, თუ როგორ თამაშობენ ჩვენი პოზიციის ფეხბურთელები.

Popsport: პანდემიის გამო, ესპანეთში დიდი შეზღუდვებია. თავისუფალ დროს როგორ ატარებ? ქართული სპორტისა და ფეხბურთის ქომაგისთვის ჯერ ნაკლებად ცნობილი ხარ. კარგად რომ გააცნო თავი - შენი ჰობი რა არის? რა ჟანრის ფილმებს უყურებ? სერიალები თუ გიყვარს?

გიორგი გაგუა: დილით თუ ვვარჯიშობ, საღამოს მივდივარ სპორტდარბაზში. თუ საღამოსაა ვარჯიში, დილით ვცდილობ სპორტდარბაზში მისვლას. ქვეყნიდან შორს ვარ, რის გამოც თავისუფალ დროს საყვარელ ადამიანებს ვურეკავ და ვესაუბრები. ცოტა დრო თუ მრჩება, ფლეისთეიშენს ვთამაშობ - ფიფას და ქოლ ოფ დუთის.

📺 გიორგი გაგუას გოლი რეალ უნიონის კარში


Popsport: საქართველოს ნაკრების თამაშებს როგორ შეაფასებდი? შენი აზრით, რა დააკლდა გუნდს?

გიორგი გაგუა: ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. ხალხის გაბრაზებაც და კრიტიკაც მესმის. ძალიან რთულია, როცა ასეთ მატჩს ელოდები. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ფაქტორი ქომაგის არყოფნა იყო.

Popsport: ესპანეთში ლევანტეს მეორე გუნდში გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, მასთან თუ გაქვს კონტაქტი და კიდევ ხომ არ არიან სხვა ქართველი მოთამაშეები ახალგაზრდულ გუნდებში, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობთ?

გიორგი გაგუა: გიოსთან მე არ მაქვს კონტაქტი, მაგრამ მამები მეგობრობენ. იმედი მაქვს, რომ გიორგის მალე გავიცნობ. ვიცი, რომ ლუკა ხარშილაძე და ბათა ზედგინიძე ესპანეთში თამაშობენ. ხარშილაძე მგონი ესტრელაში თამაშობს, ხოლო ბათა ზედგინიძე მარსეტის აკადემიაშია.

Popsport: მწვრთნელებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

გიორგი გაგუა: ორივე მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. პირველ გუნდთანაც სისტემატური კონტაქტი აქვთ. ჩვენი გუნდიდან 4 ფეხბურთელი ძირითად გუნდში თამაშობს. მწვრთნელთან და მის დამხმარესთან ვმეგობრობ.

შენიშვნა: ალავესის მეორე გუნდს ინიაკი ალონსო წვრთნის, ხოლო მისი ასისტენტი ინიგო კალდერონია, რომელიც პრემიერლიგაში ბრაიტონის ღირსებას იცავდა.

Popsport: რომელ გუნდსა და ლიგაში ისურვებდი თამაშს?

გიორგი გაგუა: ასე არ მიფიქრია, მაგრამ პრემიერლიგის ნებისმიერ გუნდში ვითამაშებდი. ისე ჩემი საყვარელი გუნდი ბარსელონაა, მაგრამ ახლა მხოლოდ ალავესზე ვარ კონცენტრირებული.

📺 გიორგი გაგუას გაუქმებული გოლი ამორებიეტას კარში

კომენტარები

ბოლო ამბები