Thumbnail

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მის სიკვდილს მთელი საფეხბურთო სამყარო გამოეხმაურა, მათ შორის, საფეხბურთო კლუბები. 

არგენტინელი სუპერვარსკვლავს ეროვნულ ნაკრებში 91 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი. დიეგოს წყალობით, გუნდმა 1986 წლის მუნდიალი მოიგო, ხოლო 1990-წელს ფინალი ითამაშა. მარადონა არგენტინის ნაკრების თავკაციც იყო 2008-2010 წლებში. 

მეტი ამ თემაზე:

"მშვიდობით, დიეგო! შენ სამუდამოდ დარჩები საფეხბურთო პლანეტის ყოველ გულში", - ვკითხულობთ არგენტინის ეროვნული ნაკრების "ტვიტერის" გვერდზე.

პროფესიული კარიერა დიეგომ არხენტინოს ხუნიორსში დაიწყო, ის 12 წლის ასაკში მივიდა ამ კლუბში, სადაც 1981 წლამდე ითამაშა, ჯამში მან 100-ზე მეტი გოლი გაიტანა არხენტინოს ხუნიორსის სახელით. "ჩვენ სამუდამოდ გვეყვარები, "პელუსა" - ასე დაემშვიდობა ყოფილი კლუბი დიეგოს. "ელ პელუსა" მარადონას მეტსახელი იყო (ნიშნავს ფუმფულას). 

ბოკა ხუნიორსს უდიდესი ნაწილი ეჭირა მარადონას ცხოვრებაში. დიეგო ამ კლუბში 1981-82 წლებში და კარიერის ბოლოს, 1995-97 წლებში თამაშობდა. 1981 წელს მარადონასთან ერთად ბოკამ მეტროპოლიტანო მოიგო. "მარადიული მადლობა, უკვდავი დიეგო", - ეს ბოკა ხუნიორსის დამშვიდობებაა ლეგენდასთან. 

1982-84 წლებში მარადონა ბარსელონაში თამაშობდა. მართალია, მან კლუბში კოპა და სუპერკოპა მოიგო, მაგრამ მის კატალონიურ კარიერას წარმატებულს მაინც ვერ დავარქმევთ.

"ბარსელონა ღრმად დამწუხრებულია დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებით. მარადონა, რომელმაც ორი წელი გაატარა კლუბში, მსოფლიო ფეხბურთის ხატი იყო", - ეს კლუბის ოფიციალური განცხადებაა. "მადლობა დიეგო ყველაფრისთვის", - ასე დაემშვიდობა ბარსას ტვიტერი ფეხბურთის ლეგენდას. 

ყველაზე წარმატებული საკლუბო კარიერა დიეგოს ნეაპოლში ჰქონდა, სამხრეთ იტალიაში მას უბრალოდ აღმერთებდნენ, მან 81 გოლი გაიტანა ნაპოლის მაისურით და ორჯერ სკუდეტო მოაგებინა კლუბს (1987, 1990). მასთან ერთად ნაპოლიმ კოპა იტალია და უეფას თასიც მოიგო, ასევე იტალიის სუპერთასი. 

"სამუდამოდ ჩვენს გულებში. ჩაო, დიეგო", - დაემშვიდობა იტალიური კლუბი თავის ლეგენდას. შემდეგ კი კიდევ ერთი ტვიტი მიუძღვნა: "ყველა ელის ჩვენს სიტყვებს. მაგრამ, როგორ გამოვხატოთ ის ტკივილი, რასაც ახლა განვიცდით სიტყვებში? ახლა ცრემლების დროა. შემდეგ შეიძლება შევძლოთ, რამის თქმა".   

1992-93 წლების სეზონი დიეგომ ესპანეთში გაატარა, ის სევილიაში თამაშობდა. "ფეხბურთის ლეგენდა წავიდა... მშვიდად განიასვენე დიეგო არმანდო მარადონა", - ვკითხულობთ სევილიას ტვიტერზე. სევილიამ კიდევ ერთი ტვიტი მიუძღვნა მას: "მთელი ქვეყნისა და ფეხბურთის გმირი. ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც გაალამაზა ეს თამაში. ჩვენ საკმაოდ ბედნიერები აღმოვჩნდით, რადგან ვნახეთ მარადონა სევილიაში. დიეგო უკვდავია". 

კიდევ ერთი კლუბია, სადაც მარადონას უთამაშია - ნიუელს ოლდ ბოისი - 1993-94 წლების სეზონში, სულ 5 თამაში. "ისინი ამბობენ, სხეული მოკვდა, მაგრამ ღმერთი არასდროს დაგვტოვებს", - ასე დაემშვიდობა კლუბი დიეგოს. 

შეგახსნებთ, რომ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძვოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო.

კომენტარები

ბოლო ამბები