Thumbnail

'პირველი ემოცია სიჩუმე იყო' - ინტერვიუ გიორგი ნიქაბაძესთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბათუმელი გულშემატკივარი დიდხანს ელოდა მშობლიურ ქალაქში სტადიონს, საბოლოოდ ეს დღეც დადგა. 21 ნოემბერს, ბათუმის ახალმა არენამ ისტორიაში პირველ მატჩს უმასპინძლა, რომელშიც დინამომ გორის დილას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

პირველი გოლი, რომელიც ბათუმელთა 29 წლის ფორვარდმა გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა, ისტორიულია. თამაშის 68-ე წუთზე მან საჰაერო ბრძოლაში ყველას აჯობა და თავით გამარჯვების გოლი შეაგდო. 'პოპსპორტი' დინამო ბათუმის ფეხბურთელს დაუკავშირდა და სხვა თემებთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ გოლის შესახებაც ესაუბრა.

POPSPORT: როგორი იყო პირველი ემოცია, როდესაც გოლი გაიტანე?

გიორგი ნიქაბაძე: პირველი იყო სიჩუმე, საერთოდ არაფერი მესმოდა. უდიდესი ემოცია იყო. ხალხი რომ ყოფილიყო, უფრო აღვიქვამდი ამ ყველაფერს, მაგრამ ხალხის ნაკლებობამ ცოტა სხვაგვარად იმოქმედა.

გიორგი ნიქაბაძეს დილას კარში გადამწყვეტი გოლი გააქვს

POPSPORT: რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გოლის ავტორი ხარ?

ნიქაბაძე: მართლაც ისტორიული მომენტია, რადგან ბათუმი 15 წელი ელოდა სტადიონის გახსნას. მე მხვდა წილად ეს ბედნიერება, რომ პირველი გოლი ამ სტადიონზე გავიტანე და იმედი მაქვს, არა უკანასკნელი.

POPSPORT: ახალი სტადიონის შესახებ რას იტყვი, როგორია შთაბეჭდილებები?

ნიქაბაძე: ევროპის უმაღლესი დონის სტადიონია ინფრასტრუქტურით. გარემო არის არაჩვეულებრივი, ერთი სიამოვნებაა იქ თამაში და იმედი მაქვს, ახალ სტადიონზე კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ. ერთადერთი, მინდვრის საფარზე ვიტყვი, რომ ბალახი არ არის გამაგრებული და საშუალებას არ გაძლევს, რომ სწრაფი, მაღალი ტემპი იყოს. აქედან გამომდინარე, თამაშში ცოტა ხელი შეგვიშალა. იმედია, ეს პრობლემა მალე მოგვარდება.

დინამო ბათუმი 1:0 გორის დილა [21/11/20]

პირველი მატჩი და პირველი გამარჯვება - დინამო ბათუმმა ახალ არენაზე გორის დილა დაამარცხა! 🔵🔴 FC Dinamo Batumi | FC Dila Gori

Posted by popsport on Monday, November 23, 2020

POPSPORT: არის თუ არა ეს გოლი შენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი?

ნიქაბაძე: ბოლო თამაშიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ასეა, რადგან ყველას უდიდესი ემოცია მოგვანიჭა. თან გადამწყვეტი გოლი გამოდგა და ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

POPSPORT: სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და თანაც საკმაოდ მჭიდრო გრაფიკით მოგიწევთ მატჩების ჩატარება. რამდენად მზად ხართ ამ ყველაფრისთვის?

ნიქაბაძე: ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს, კონკურენცია არის და პანდემიიდან გამომდინარე ყველაფერი გაგვირთულდა. ძალიან რთულია თვეში ერთი თამაშის ჩატარება. ამანაც იქონია ჩვენზე გავლენა, რომ ქულები დავკარგეთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი ბოლო პერიოდის გამარჯვებები შედეგს მოიტანს. ვფიქრობთ, რომ დინამო თბილისიც დაკარგავს ქულებს და გვჯერა, რომ საჩვენოდ ყველაფერი კარგად იქნება. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

POPSPORT: თბილისის ლოკომოტივთან მნიშვნელოვანი თამაში გელოდებათ. როგორ ხვდებით ამ შეხვედრას?

ნიქაბაძე: ლოკომოტივი სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, ფლანგებიდან უტევენ და ჩვენც შესაბამისად მეტოქე შესწავლილი გვყავს სათანადოდ. აქედან გამომდინარე მეტოქისგან სწრაფ ფეხბურთს ველოდებით. ეს საკითხი განხილული გვაქვს, ლოკომოტივის თამაშის ყველა დეტალი ვიცით და ჩვენ ჩვენს ფეხბურთს დავუპირისპირებთ, რასაც ვთამაშობთ.

POPSPORT: როგორ ჩაიარა ადაპტაციის პერიოდმა, გუნდს როგორ შეეწყვე?

ნიქაბაძე: თავიდან ცოტა გამიჭირდა, უფრო საკუთარ თავთან, რადგან ახალი გუნდი იყო, ახალი მიზნებით. ადაპტაცია ასე თუ ისე, ნორმალურად გავიარე, მაგრამ ეს ბოლო პერიოდია, გუნდს უკეთესად შევეწყვე, რაც ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად დავიწყე თამაში. გუნდი ყველანაირად მეხმარება, რომ შედეგით ერთად დავდოთ და წარმატებას მივაღწიოთ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

ნიქაბაძის გოლი

წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ! 💦💥

Posted by FC Dinamo Batumi on Monday, October 5, 2020

 

POPSPORT: საქართველოს ნაკრების განვლილ მატჩებზე რას ფიქრობ? რამ განაპირობა წარუმატებელი შედეგი?

ნიქაბაძე: პირველ რიგში ახალგაზრდა ბიჭებზე ვიტყვი. მართლაც ძალიან დიდი ძალა ყოფილა კვარაცხელია და ჩაკვეტაძე. ვერ აღვიქვამდით მანამდე, სანამ თამაშობდნენ. კვარა და ჩაკვე ყოფილა მთელი ნაკრები, ასე გამოჩნდა და ძალიან დიდი ძალა დავკარგეთ. ვფიქრობ, ამან გავლენა ნამდვილად იქონია. მწვრთნელზე არ მინდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ თუნდაც ბოლო წამებზე შეცვლები, როდესაც პირიქით ჩვენ გვჭირდებოდა ის დაკარგული დრო და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს - როგორ ხარ მოედნის გარეთ, თამაშამდე და ფსიქოლოგია განაგებს ყველაფერს. მე ვფიქრობ, იყო ეს ფაქტორიც და ბიჭებზე იმანაც იმოქმედა, რომ კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გარეშე მოუწიათ თამაში.

კომენტარები

ბოლო ამბები