Thumbnail

ფინეთის საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს მეტოქეა და 28 ნოემბერს სწორედ ილიას ზუროსის შეგირდებთან დაპირისპირება მოუწევს, ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა.

მოახლოებულ სანაკრებო ფანჯარაში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება 32 წლის მცველი პეტერი კოპონენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ფინეთის კალათბურთის ფედერაციის ცნობით, კოპონენს სხვა მოთამაშეებთან კონტაქტი არ ჰქონიდა, ამდენად, მათ საფრთხე არ ემუქრებათ. სხვათა შორის, COVID 19 დაუდასტურდა ფინელების სამწვრთნელო შტაბის წევრ ჰანო მოტოლასაც, რომელიც ასევე ცნობილი კალათბურთელი იყო. ახლა, ისიც იზოლაციაში იმყოფება.

ცნობისთვის, კოპონენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას ჯერ კიდევ 2006 წლიდან იცავს და მის გარეშე ფინური კალათბურთი დიდი ხანია წარმოუდგენელია. 2017 წლის ევრობასკეტზე, სადაც ფინეთის ნაკრებმა პლეი ოფამდე მისვლა მოახერხა, პეტერის საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 31.6 წუთი, 13.2 ქულა, 2.5 მოხსნა და 6.3 პასი.

საკლუბო დონეზე კოპონენს იტალური ბოლონიას, რუსული ხიმკისა და ესპანური ბარსელონას მაისურით უთამაშია, ბოლოს გერმანული ბაიერნის წევრი იყო, ამჟამად კი, თავისუფალი აგენტია. არის ევროთასის, ევროჩელენჯის, ესპანეთის თასისა და გერმანიის ბუნდესლიგის გამარჯვებული, ფინეთის წლის საუკეთესო კალათბურთელად კი 7-ჯერ დაუსახელებიათ.

თად მაკფადენი საქართველოს ნაკრების რიგებშია და უკვე ივარჯიშა კიდეც
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ფინეთში გუშინ ჩავიდა და ესპოოში გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. როგორც აღვნიშნეთ, ეს მატჩი 28 ნოემბერს შედგება, 30-ში კი, ილიას ზუროსის შეგირდები იქვე შვეიცარიას ეთამაშებიან. ამ დროისთვის, ევრობასკეტის საკვალიფიკაციო E ჯგუფს სწორედ საქართველო ლიდერობს 2 მოგებით, ფინეთის ბალანსი კი 1-1 გახლავთ (მარცხი სერბეთთან და გამარჯვება შვეიცარიასთან).

სხვათა შორის, დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ COVID 19-ზე დადებითი ტესტი აღმოაჩნდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ უკანახაზელ თად მაკფადენს, თუმცა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. სან პაბლო ბურგოსის მცველმა 21 ნოემბერს ესპანურ ლიგა ენდესაში ობრადოიროსთან მოგებულ მატჩში ითამაშა და 14 ქულაც ჩააგდო, ფინეთში ჩასვლის შემდეგ კი, უკვე საქართველოს ნაკრებთან ერთადაც ივარჯიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები