Thumbnail

დღეს NCAA-ს 2020/21 წლების სეზონი იწყება. კოლეჯთა ლიგაში რამდენიმე ქართველი კალათბურთელი თამაშობს. მათ შორის I დივიზიონის კლუბებში თამაშობენ: სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი), გიორგი ბეჟანიშვილი (ილინოისი), რატი ანდრონიკაშვილი (კრეიტონი), საბა გიგიბერია (ჯორჯია ტექ) და ვილი ისიანი (დეტროიტ მერსი). 

basketballncaa.com-მა კოლეჯთა ლიგაში მოთამაშე ევროპელების რეიტინგი გამოაქვეყნა. TOP 30-ში ორი ქართველი კალათბურთელია, სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი. 

სანდრო მამუკელაშვილი ევროპელთა რეიტინგში მესამე ადგილზეა და მხოლოდ ორ ფრანგს, ჟოელ აიაის (გონზაგა) და ივ პონსს (ტენესი) ჩამორჩება. 

"სანდრო მამუკელაშვილი გასულ სეზონში სუპერი იყო, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. ახლა კი მან უნდა იტვირთოს სეტონ ჰოლის ლიდერის ფუნქციები. 211 სმ. სიმაღლის მამუკელაშვილი ძალზე მობილურია და დრიბლინგიც შესანიშნავი აქვს. მიუხედავად სიმაღლისა, პრემიეტრზეც შესანიშნავია, აქვს კარგი პირველი ნაბიჯი და კალათს ორივე მხრიდან უტევს. დაცვაში ასე ეფექტური არ არის, თუმცა საკუთარი ფარის დაცვაც კარგად გამოსდის. ხშირად შედის ორთაბრძოლებში", - წერს გამოცემა. 

გიორგი ბეჟანიშვილი ევროპელთა რეიტინგში მე-19 პოზიციაზეა:

"როცა ახალბედა იყო, ყველას გულები მოინადირა, მაგრამ ბეჟანიშვილის მეორე სეზონი სანახევროდ იმედგაცრუება იყო. კოკბერნთან მისმა ტანდემმა ის შედეგი არ გამოიღო, როგორსაც ელოდნენ. ქართველი ამ სეზონში კვლავ აპირებს ჩვენს გაკვირვებას და თუ დაცვაშიც მოუმატებს, ილინოისისთვის მას ოქროს ფასი ექნება". 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მძიმე ტრავმამ რატი ანდრონიკაშვილის (კრეიტონი) დებიუტი გადადო.

ევროპელების რეიტინგი NCAA-ში. TOP 20

1. ჟოელ აიაი (გონზაგა) საფრანგეთი
2. ივ პონსი (ტენესი) საფრანგეთი
3. სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი) საქართველო
4. ოლივიე სარი (კენტაკი) საფრანგეთი
5. ოსკარ და სილვა (სტენფორდი) გერმანია
6. ფრანც ვაგნერი (მიჩიგანი) გერმანია
7. საინტს ადამა (ლოიოლა) ესპანეთი
8. ნეემიაშ კეტა (იუტა სტეიტი) პორტუგალია
9. თომას ვოლდეტანსაე (ვირჯინია) იტალია
10. მეტ ჰაარმსი (BYU) ნიდერლანდები

11. მატიას ტასი (სტ. მერი) ესტონეთი
12. ალექსის იეტნა (ს. ფლორიდა) საფრანგეთი
13. ებრიმა დიბა (კოსტალ კაროლინა) შვედეთი
14. საშა სტეფანოვიჩი (პერდიუ) სერბეთი
15. რაპოლას ივანაუსკასი (ცინცინატი) ლიეტუვა
16. ალესანდრო ლევერი (გრანდ კანიონი) იტალია
17. მარეკ დოლეჟაი (სირაკუზი) სერბეთი
18. ჯებრაილ ბელო (მონტანა სტეიტი) დიდი ბრიტანეთი
19. გიორგი ბეჟანიშვილი (ილინოისი) საქართველო
20. ლუკა ბრაიკოვიჩი (დევიდსონი) ავსტრია

შეგახსენებთ, რომ დღეს 23:00-ზე ბეჟანიშვილის ილინოისი, რომელიც NCAA-ს ერთ-ერთი ფავორიტია (ყველა რეიტინგით ტოპათეულშია), შინ ჩრდილოეთ კაროლინას უმასპინძლებს.

სეტონ ჰოლის თამაში ვინზროპთან (ამაღამ 01:00-ზე უნდა გამართულიყო) გადაიდო. ამიტომაც სანდრო მამუკელაშვილი სეზონს 28 ნოემბერს (01:00 თბილისის დროით) დაიწყებს, სტუმრად ლუისვილთან. საბა გიგიბერიას ჯორჯია ტექ-ი 26 ნოემბერს (06:00) ჯორჯია სტეიტს უმასპინძლებს.   

კომენტარები

ბოლო ამბები