Thumbnail

'ფეხბურთი ჩემი საუკეთესო მეგობარია' - იბრა ტრავმასა და დაბრუნების ვადაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაპოლისთან დაშავებულმა ზლატანმა მოედანზე დაბრუნების ვადაზე ისაუბრა
  • მილანის 39 წლის შვედი ფორვარდი იმედოვნებს, რომ მალე გამოჯანმრთელდება 

მილანის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს მე-8 ტურის მატჩში ნაპოლისთან (3:1) ტრავმა მიიღო და როგორც ირკვევა, გუნდის დახმარებას იმაზე უფრო სწრაფად შეძლებს, ვიდრე ვარაუდობნენ.

იმისთვის, რომ აღდგენის პროცესი დაეჩქარებინა, 39 წლის შვედმა ხუთი საათი მილანის ბაზაზე გაატარა, სადაც სპეციალური სავარჯიშოები შეასრულა და თერაპიის კურსი გაიარა. 

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იბრას ერთ თვემდე გაუცდებოდა

იბრამ, რომელიც 6 მატჩში გატანილი 10 გოლით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ტრავმის სიმძიმესა და ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა: 

"სერიოზული არაფერია. სულ რაღაც ერთი ან ორი კვირა დამჭირდება. როდესაც ფეხბურთის ბუცებს ვიცვამ, ვგრძნობ, რომ ეს ის არის, რისი კეთებაც მსურს. ეს ჩემი ვნებაა. ფეხბურთი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ფეხბურთის გარეშე არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. მის გარეშე თავს დაკარგულად ვგრძნობ", - ამბობს იბრაჰიმოვიჩი, რომელიც შვედეთის 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს პრიზი ფეხბურთელის კარიერაში უკვე მეთორმეტეა.

სერია A-ში გასული 8 ტურის შემდეგ, მილანს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს, სტეფანო პიოლის გუნდი ფიორენტინას უმასპინძლებს, იქამდე კი ევროპალიგაში ლილს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები